Cortex მეგობრების გიორგი დიდიძეს, კახა კირთაძესა და დიანა ველენგურსკაიას მიერ შექმნილი ფეხსაცმლის ახალი სტარტაპია. როგორც თავად ამბობენ, ბრენდი თანამედროვე, პროგრესული საზოგადოების ანარეკლია. ის დამოუკიდებელი, გამბედავი, მიზანდასახული და შეუპოვარია. ის ყოველთვის გამოირჩევა მასისგან, სავსეა ფერებით და უხდება ყველაფერს. სწორედ ასეთი ადამიანებისთვის შეიქმნა კორტექსი. „თბილისი თაიმსს“ კორტექსის ერთ-ერთი დამფუძნებელი დიანა ველენგურსკაიას სტარტაპის შექმნის იდეისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
უპირველესად რომ მოგვიყვეთ თქვენ შესახებ, საიდან გაჩნდა იდეა შეგექმნათ ფეხსაცმელის სტარტაპი?
– კორტექსის სტარტაპი მეგობრებმა დავიწყეთ. გარდა იმისა, რომ თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვა კომპანიაში მუშაობის დიდი გამოცდილება გვაქვს და დღესაც დასაქმებულები ვართ ჩვენი პროფესიით, საკუთარი ბიზნესის მიმართულებითაც აქტიური ნაბიჯები გვაქვს გადადგმული, სადაც მოვახერხეთ და ამ დრომდე საკმაო გამოცდილება დავაგროვეთ. თუმცა, ყოველთვის გვინდოდა შევჭიდებოდით წარმოებას და შეგვექმნა პროდუქტი, რომლითაც ვიამაყებდით და წარმოვაჩენდით ჩვენს ქვეყანას. ბავშვობიდან გვიყვარდა კედები. ვიფიქრეთ, შეგვექმნა ქართული წარმოების კედები – მეტი ფერი და დიზაინი, ხარისხი და რაც მთავარია, კომფორტი. ასე დაიბადა კორტექსი.
როგორ შეხვდა მომხმარებელი თქვენ სიახლეს და საქართველოში თუ არსებობს მსგავსი პროდუქცია?
– 1 კვირაა რაც კორტექსი მომხმარებელს წარვუდგინეთ. ძალიან გვახარებს თითოეული მოწონება. პირველივე დღეს 5 შეკვეთა შემოვიდა, რაც დიდი სტიმული იყო ჩვენთვის. თუმცა, ძალიან ვღელავდით, რადგან გვინდოდა მომხმარებელს ფეხზე ჩაცმის შემდეგაც ისევე მოწონებოდა, როგორც ჩვენ მოგვწონდა. გვსურდა, ბოლომდე გაგვემართლებინა მათი იმედები. ასეც მოხდა. პირველივე მომხმარებლებმა იმდენი სითბო და კმაყოფილება გამოხატეს ჩვენ მიმართ, ასმაგად დავიმუხტეთ.
ვისთვისაა ეს ხაზი გათვლილი?
– კორტექსის კედები უნისექსია – კარგად მოირგებს როგორც ქალი, ისე კაცი. მთლიანად ნატურალური ტყავისგანაა დამზადებული, როგორც გარედან, ისე შიგნიდან, რაც შედარებით ძვირი სიამოვებაა. მაღალი ხარისხის, დამუშავებულ ნედლეულს ვიყენებთ. შესაბამისად, ჩვენი კედები უფრო კომფორტული და გამორჩეულია. უახლოეს დღეებში დაგვემატება საზაფხულო ნაჭრის კედები, რომელთა ფასი ბევრად ნაკლები იქნება. სექტემბრისთვის უკვე მზად გვაქვს საშემოდგომო კოლექცია, ასევე დავამატებთ ბავშვის ხაზს. გვექნება საოჯახო სერიებიც.
ძირითადად რა მასალას იყენებთ პროდუქციის შესაქმნელად?
– Cortex-ის დამფუძნებელთა პრიორიტეტი ბრენდის შექმნის დღიდან უმაღლესი ხარისხი იყო. კედების შიდა და გარე მხარე 100%-ით ნატურალური ტყავისგან იკერება. ნედლეულის ძირითადი ნაწილი ჩამოდის იტალიიდან და თურქეთიდან თუმცა, Cortex-ის ქართული წარმოების რამდენიმე გამორჩეული ფერის ტყავსაც აქტიურად იყენებს, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა.
რითი ხართ გამორჩეულები და რა არის თქვენი მთავარი სიძლიერე?
– Cortex-ი მათთვისაა, ვინც ცხოვრებაში ყველაფერს საკუთარი თავის იმედად აღწევს, ბევრს მუშაობს, არის აქტიური, საქმიანი, წარმატებული, თავისუფალი… არ უშინდება სიახლეებსა და ქართული პროდუქციის განვითარებასაც მხარს უჭერს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვქმნით ხარისხს, ფერს, სტილს, კომფორტს, გემოვნებას! გვინდა, ჩვენი კედები მაქსიმალურად მოსახერხებელი იყოს – ასეთი ადამიანები ხომ სწორედ კომფორტს ანიჭებენ უპირატესობას და მუდმივად გადარბენაში არიან. თან, სურთ გემოვნებით ჩაიცვან, დახვეწილად გამოიყურებოდნენ.
რა პრობლემები შეგხვდათ ბიზნესის განვითარების დროს?
– ბიზნესის განვითარების საწყის ეტაპზე, რა თქმა უნდა ვაწყდებოდით სხვადასხვა პრობლემებს. წარმოების შექმნაზე და ბრენდზე მუშაობა 2.5 წელს გაგრძელდა, სანამ სასურველ ხარისხს არ მივიღებდით. უამრავი პროტოტიპი დავტესტეთ. უკეთესი ნედლეულის ძიებაში უცხოელ მომწოდებლებთან ვამყარებდით კონტაქტს, რასაც ასევე უდიდესი დრო და ენერგია, ასევე ფულადი რესურსი დაჭირდა. ყველაფერი 0-დან შევქმენით.
როგორია ფასები და სად შეიძლება კორტექსის შეძენა?
– პროდუქცია – ნატურალური ტყავისგან, ხელით შეკერილი ფერადი კედები, თბილისში, მცირე საწარმოში, 10 ადამიანისგან შემდგარი გუნდის მიერ იქმნება. შეძენა ონლაინ მაღაზიის მეშვეობითაა შესაძლებელი www.cortex.ge. მომხმარებელს კონკრეტულ მოდელებს ვთავაზობთ. ჩვენს ონლაინ მაღაზიაში ამ ეტაპზე 12 მოდელია განთავსებული. მსურველებს შეძენა ონლაინ გამოწერის საშუალებით. მარტივად შუძლიათ ვებგერდიდან. გამოწერის შემდეგ, თითოეული მომხმარებლისთვის ინდივიდუალურად იქმნება შერჩეული მოდელი. საქართველოს მასშტაბით შენაძენის მიწოდება უფასოა. ჩენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის კმაყოფილება. თუ შეკვეთის ადრესატი ფეხსაცმელს ვერ მოირგებს, შეეძლება ზომაში გადაცვალოს, ან სურვილის შემთხვევაში, უკანაც დააბრუნოს, თანხა კი სამ დღეში სრულად აუნაზღაურდება.
როგორია კორტექსის სამომავლო გეგმები?
– ახლა ყველაფერი ერთ საწარმოში გვაქვს და სამუშაო პროცესიც გაცილებით ეფექტურია. ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლით, მომხმარებლის ინტერესების კვალდაკვალ. უახლოეს მომავალში, რომელიმე სავაჭრო ცენტრში სტენდის განთავსებაზე ვფიქრობთ. მიუხედავად იმისა, რომ კორტექსი ქართველი მომხმარებლისთვის შეიქმნა, არ გამოვრიცხავთ სამომავლოდ ჩვენი პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც.
მარიამ ლეკიაშვილი