მიმდინარე წელს, ბათუმში შემოწმებული 42 სილამაზის სალონიდან 19 დაჯარიმდა. სალონებში სხვადასხვა დარღვევა ფიქსირდება. მათ შორის, დეზინფექციის და სტერილიზაციის პროცედურების და სახიფათო ნარჩენების შეგროვების წესის დარღვევა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
ბათუმში 180-მდე სილამაზის სალონია რეგისტრირებული. დაწესებულებებს, სადაც სისხლის გზით ინფექციების გავრცელების მაღალი რისკის ესთეტიური და კოსმეტიკური პროცედურები ტარდება, მონიტორინგს ბათუმის მერიის გარემოს დაცვითი და სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება უწევს.
შემოწმების შემდეგ, ობიექტებს დარღვევების გამოსასწორებლად ვადა ეძლევათ.აჯარიმებენ კიდეც, თუმცა რამდენიმე დაჯარიმების მიუხედავად, მერიას მათი დახურვის უფლება არ აქვს.
მონიტორინგი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. მერია აღნიშნულ პროგრამას რამდენიმე წელია ახორციელებს.