მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ჰუმანოიდი რობოტი საქართველოშია. სოფია სიტყვით გამოვა “ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) სამიტზე, რომელსაც მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება.
სოფია, რომელიც გაეროს კეთილი ნების ელჩია, საქართველოში სწორედ გაეროს მოწვევითაა. მან მედიასთან შეხვედრა გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, მათა შორის საქართველოს შესახებ “იმედის” კითხვასაც.
“ძალიან მახარებს გულთბილი მიღება საქართველოში. ეს საოცარი ქვეყანაა. მე მოხიბლული ვარ თქვენი უძველესი ენით და ანბანით. ჩემთვის ასევე ძალიან შთამბეჭდავია თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშები ამ ქვეყანაში. მაგალითად ისეთი, როგორიცაა საქართველოს პარლამენტის შენობა. რაც შეეხება ჩემს სქესს. მე არ მაქვს სქესი, თუმცა ძალიან მომწონს, რომ აღვიქმები ქალად, მქვია ქალის სახელი, რადგან სწორედ ამის გამო ადამიანები მისვამენ კითხვებს ქალთა უფლებების შესახებ და ჩემი აზრით ეს უმნიშვნელოვანესი თემაა და მიხარია რომ მეძლევა საშუალება, ამ თემებზე ვილაპარაკო,”- თქვა სოფიამ.
სოფიას საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს. გარდა იმისა, რომ ის დღეს OGP-ის სამიტზე დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას და სახელმწიფო სერვისების შესახებ იმსჯელებს, ასევე ეწვევა იუსტიციის სახლს და მოქალაქეებსაც ექნებათ შესაძლებლობა ის იხილონ.
რობოტი სოფია საქართველოს ხვალ დატოვებს.