პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ “ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 სამიტი” დღეს სიტყვით გახსნა. პრემიერმა სტუმრებს და 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, თანამედროვე მმართველობა მრავალფეროვნებასა და თანამონაწილეობის პრინციპზე დგას, რომლის ცენტრში ყოველთვის არის მთავარი – მოქალაქე.
“ღია მმართველობის პარტნიორობის მთავარ მიზანს ხელისუფლების ღიაობისა და მიუკერძოებლობის განმტკიცება, საზოგადოების ნდობის ამაღლება და მმართველობაში ტექნოლოგიების და ინოვაციების დანერგვა წარმოადგენს. მრავალფეროვნებასა და თანამონაწილეობის პრინციპზე დგას თანამედროვე მმართველობა, რომლის ცენტრში ყოველთვის არის მთავარი – მოქალაქე. წელს საქართველო აღნიშნავს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს. მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის ღირებულებებს ჯერ კიდევ მაშინდელი საქართველოს კონსტიტუცია ეხმიანებოდა, მეტიც, საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის პრინციპი იყო აღიარებული. ჩვენი მთავრობის მიზანია გაამყაროს ეს მონაპოვარი და ხალხისთვის და ხალხთან ერთად მმართველობა უზრუნველყოს”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.
მამუკა ბახტაძემ ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტს რეზოლუციის მიღება შესთავაზა. პრემიერის თქმით, რეზოლუციაში ღია მმართველობის პრინციპები და მიდგომები, რომელიც საფუძვლად უდევს დემოკრატიულ და გამჭვირვალე მმართველობას, მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული.
“ღია მმართველობის ლიდერთა გაერთიანებით შესაძლებელი გახდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და შედეგზე ორიენტირებული ვალდებულებების აღება. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ღია მმართველობის პარტნიორობა ეს არის პირველ რიგში მოქალაქეებისთვის ხელშესახები ცვლილებების მიღების შესაძლებლობა, საქართველო, ისევე, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის სხვა ქვეყნები, კვლავ დგას გამოწვევების წინაშე, ამიტომ სამიტის ფარგლებში ჩვენ მმართველ კომიტეტს შევთავაზებთ რეზოლუციის მიღებას, სადაც მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ღია მმართველობის პრინციპები და მიდგომები, რომელიც საფუძვლად უდევს დემოკრატიულ და გამჭვირვალე მმართველობას”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
თბილისში ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 გლობალური სამიტი იმართება, რომელსაც 76 ქვეყნის მაღალი რანგის 2 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება. ღონისძიება 19 ივლისამდე გაგრძელდება.