ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე საქველმოქმედო ფონდს ქმნის. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სარალიძის თქმით, დღეს დათოს დაბადების დღეა. ის 17 წლის გახდებოდა. მამის თქმით, მისი შვილი ყოველთვის ეხმარებოდა გაჭირვებულ ადამიანებს.
“დღეს არის მისი დაბადების დღე. ამ დღესთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება მის სახელზე შევქმნა საქველმოქმედო ფონდი -“დათუჩა”, რომელიც დაეხმარება ყველა გაჭირვებულ ადამიანს. სიმსივნით დაავადებულ, გადაუდებელი ოპერაციის საჭიროების მქონდე ბავშვებს და სოციალურად დაუცველებს”, – განაცხადა სარალიძემ.
მისივე თქმით, როგორც კი მისი უმცროსი ქალიშვილი სრულწლოვანი გახდება, ფონდს მის სახელზე გადააფორმებს. საქველმოქმედო ფონდში გასაწევრიანებლად კარი ყველასთვის ღიაა. სარალიძეს ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.