არ მოხდეს კანონის იმ ნაწილის მიღება, სადაც მარიხუანას ლეგალურ კულტივაციაზეა საუბარი. ეს არის დამღუპველი ჩვენი ერისა და ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყანა ამისათვის მზად არ არის და არც იქნება. ჩვენი მოსახლეობა ამას არ დაუშვებს, – ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ თბილისის საკრებულოსთან განაცხადა, სადაც სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს.
მისი თქმით, სასულიერო პირები არ შეეგუებიან იმ კანონის მიღებას, რომელიც მარიხუანას კულტივაციას გულისხმობს ექსპორტის მიზნით. მისივე განცხადებით, რაც ამ კანონპროექტის შესახებ გახდა ცნობილი, მრევლი კითხვით მიმართავთ, თუ რა ხდება.
“საკონსტიტუციო სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით პიროვნების თავისუფლების განვითარების უფლებაში ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა მოხმარებაში შეიყვანა. ეს ნაჩქარევი და საფრთხეების შემცველი გადაწვეტილებაა. შექმნილი პრეცედენტი საშიშროებას ქნის, რომ მომავალში სასამართლომ სხვა სახის ნარკოტიკებით ან ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო რაიმე ქმედებებით, იგივე ლოგიკით დააკანონოს. გაუგებარია რატომ მოხდა მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გასაიდუმლოებულად შემუშავება,საჯარო განხილვების გარეშე. როდესაც ამ კანონპროექტის არსებობის შესახებ ცნობილი გახდა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები აცხადებდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება მიღებული. ანუ უკვე ჩვენი მოსახლეობის ნების გარეშე ვიღაცებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ასე იქნება. მიუხედავად იმისა, მოსახლეობას ამის მიმართ რა დამოკიდებულება აქვს, ხელისუფლება გვეუბნება, რომ ამას უჭველად გადავწყვეტთ. ამიტომ მოვუწოდებთ ყველა იმ ადამიანს, რომ ეს კანონი ასე არ იყოს მიღებული. ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება კაზონოებით, ნარკოტეკებით შემოსული ფული. ჩვენ გვაქვს ისეთი რესურსი, რომ უამრავი რამ შეგვიძლია განვავითაროთ, რითაც ჩვენი ქვეყანა სიღარიბის ზღვარს გადაცდება. სახელმწიფო ისეთი რამით უნდა დაგვეხმაროს, რაც აუცილებელია, თუნდაც სოფლის მეურნეობის განვითარებით. ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტებს საკვები სჭირდებათ და არა მარიხუანას მიწოდება”, – განაცხადა მამა შალვამ.
მან ასევე ისაუბრა ამ პრობლემიდან გამოსავალზე.
“ვითხოვთ- პირველი, კონსტიტუციის შესაბამის მუხლში შევიდეს ისეთი ცვლილება, რომ თვითგანვითარება არ გულისხმობდეს თვითდაზიანებას. მეორე – არ მოხდეს კანონის იმ ნაწილის მიღება, სადაც მარიხუანას ლეგალურ კულტივაციაზეა საუბარი. ეს არის დამღუპველი ჩვენი ერისა და ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყანა ამისათვის მზად არ არის და არც იქნება. ჩვენი მოსახლეობა ამას არ დაუშვებს. ამიტომ გადავწყვიტეთ სასულიერო პირებმა შეკრება, რომ მოსახლეობისთვის ეს გვემცნო. სასულიერო პირების დამოკიდებულება ასეთია – ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით”,- განაცხადა მამა შალვამ.