კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში მდებარე ბაღი ,,ევა” ჯანსაღი მომავლის კამპანიას იწყებს. რომლის ფარგლებშიც, მომხმარებლებს საშუალება აქვთ ბაღს ესტუმრონ ოჯახებთან ერთად, მიიყვანონ ბავშვები და საკუთარი ხელით დაკრიფონ სასურველი პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად. „თბილისი თაიმსს“ კამპანიის მიზნების შესახებ ბაღი „ევას“ დამფუძნებელი თენგიზ ცინცაძე ესაუბრა.
„ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ ბაღი „ევა“ თავისი მიზნებითა და დანიშნულებით ყოფილიყო გამორჩეული და განსხვავებული სხვებისგან. ამიტომ გადავწყვიტე, ბაღში მოსავლის აღება, ერთგვარ დღესასწაულად მექცია. დღეს ჩვენი პროდუქციის მომხმარებლებს შეუძლიათ მოვიდნენ ადგილზე და თავად მოკრიფონ ხილი.“
როგორც ბაღი „ევას“ დამფუძნებელი აღნიშნავს, კამპანია რამდენიმე მიზანს ემსახურება.
„გარდა ამისა, ძალიან მაწუხებდა ის ფაქტი, რომ ჩვენი პროდუქციის შეძენა მაღაზიებში მომხმარებლებს ძალიან ძვირად უწევდათ, ამიტომ გადავწყვიტე, მათთვის შემეთავაზებინა ეს სიახლე. ამ ეტაპზე მათ საშუალება აქვთ თავად მოკრიფონ ვაშლი და გადაიხადონ ბევრად ნაკლები თანხა, ვიდრე მაღაზიაში იხდიდნენ.“
რაც შეეხება კამპანიას, როგორც დამფუძნებელი აღნიშნავს, საცდელმა პერიოდმა გაამართლა და ხალხის დიდი დაინტერესება გამოიწვია.
სამომავლოდ ბაღი „ევა“ ჯანსაღი მომავლის კამპანიის გაგრძელებას გეგმავს და მომხმარებლებს გარდა ვაშლისა უმაღლესი ხარისხის ქლიავის ჯიშსაც შესთავაზებს. მათ საშუალება ექნებათ სეზონურად მოკრიფონ სასურველი ხილი, მათთვის სასურველ ფასად და ჯანსაღი კამპანია მათ დღესასწაულად იქცეს.
ბაღი ,,ევა” 2013 წელის ნოემბერში გაშენდა და ამ ეტაპზე ის 825 ძირი ვაშლის სხვადასხვა სახეობას აერთიანებს . ბაღში გაშენებულია ასევე 60-ამდე ძირი ქლიავი, პრეზიდენტისა და ემპრესის ჯიშების და 23 ძირი ვაზი (ფრანგული ჯიშის სუფრის ყურძენი).ბაღი „ევა“ ევროკავშირის ორგანიზაცია IOM-ის მიერაა დაფინანსებული.
მარიამ ლეკიაშვილი