2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე გამოწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.
52 მილიონიდან 21 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში შევიდა, ხოლო 31 მილიონი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში. გამოცემის თანახმად, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში ჯარიმებიდან შემოსავალი 15 მილიონი ნაკლები, 37 მილიონი ლარი იყო.
2018 წლის 8 თვის მონაცემები მაღალია 2010-2012 წლებისა და 2013-2017 წლების მონაცემებზე: 2010-2012 წლებში, იანვარ-აგვისტოში საგზაო ჯარიმებიდან ბიუჯეტში საშუალოდ 20 მილიონი ლარი შედიოდა, 2013-2017 წლებში კი საშუალოდ 36 მლნ ლარი.
დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, 550 ვიდეოკამერა ფუნქციონირებს, მათ შორის, 306 ნომრის ამომცნობი და 244 ზოგადი ხედვის კამერა. საქართველოს მასშტაბით კი ჯამში 253 კმ სიგრძის საავტომობილო გზა კონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით.
ნინი მაზიაშვილი