გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, ერთი ერთეული უკანონო ლენტური ტიპის ხერხი ნახეს, რომელიც სპეციალურად მოწყობილ ლიანდაგზე იყო განთავსებული და მიეწოდებოდა დენის წყარო. ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო ცირკული ტიპის ხერხი და 1,4 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი.
სამართალდარღვევასთან დაკავშირებით შესაბამისი აქტი შედგა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოახდინეს სახერხი საამქროს დემონტაჟი და დალუქვა. ვინაიდან, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს გადაიგზავნა.
უკანონო სახერხი საამქროების ფუნქციონირება ხელს უწყობს ხე-ტყით უკანონო სარგებლობას და არაერთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან არის დაკავშირებული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკომპრომისო ბრძოლას უცხადებს ხე-ტყის უკანონო ჭრას. აღნიშნულ სამართალდარღვევებზე გამკაცრებული სანქციების პარალელურად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურ მუშაობას აგრძელებენ მსგავსი ფაქტების გამოსავლენად და აღსაკვეთად.