ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოში მოქმედი აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხზე ახალი მოკვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა 48 651-ს შეადგენს, რაც ცალსახად საგანგაშო მაჩვენებელია.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქართველოში მოქმედ 67 აკრედიტირებულ უმაღლეს დაწესებულებაში სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა რეკორდულად მაღალია და საერთო ჯამში, 48 651 სტუდენტს შეადგენს. განსაკუთრებით საყურადღებოა საკითხი იმის შესახებ, რომ დასახელებული მაჩვენებელი მუდმივად მზარდია. 2013 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა 28 055 შეადგენდა, 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 33 575-მდე გაიზარდა, 2016 წელს 35 841 შეადგინა, 2017 წლის მონაცემებით კი – 38 104. დასახელებულ პერიოდში შეინიშნებოდა რაოდენობის საშუალოდ 2000-დან 5000-მდე ზრდის ტენდენცია, ხოლო 2018 წლის მონაცემთან მიმართებით, ფიქსირდება რაოდენობის 10 547-ით ზრდა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს.
ორგანიზაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ სტუდენტის მხრიდან სტატუსის შეჩერების საფუძველს ძირითად შემთხვევაში წარმოადგენს: ჯანმრთელობის მდგომარეობა, საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, ორსულობა და ფინანსური დავალიანება. ამასთან, ბოლო პერიოდში, მიზეზთა ჩამონათვალში გაჩნდა სხვა საფუძველიც, კერძოდ, ტერმინი: „სხვა მიზეზი“. შესწავლილი მასალის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ სწორედ „სხვა მიზეზის“ მითითებით, სტატუსი შეჩერებული აქვს 30 808 სტუდენტს, რაც სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 64%-ს შეადგენს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ არსებული ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი შეჩერებული აქვს 16 294 სტუდენტს, რაც მათი საერთო რაოდენობის, დაახლოებით 33%-ია, ხოლო ავადმყოფობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის ან საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მიზეზით, სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს 1 549 სტუდენტს.