მმართველი პარტია დღეს, პირველ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებიდან 6 წლისთავზე შეიკრიბა. შეკრების ერთ-ერთი თემა ნაციონალური მოძრაობა და მისი კრიტიკა იყო.
შეხვედრის შემდეგ საზოგადოებას კახა კალაძემ მიმართა. მან ისაუბრა იმაზე თუ რა შეიცვალა ოცნების მმართველობის პერიოდში. კალაძემ ძირითადი აქცენტი გააკეთა ნაციონალური მოძრაობის ცხრაწლიან მმართველობაზე. მისი თქმით, ეს იყო დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც მათ შეცვალეს.
„ამ პოლიტიკურმა ძალამ თავისი ავანტურისტული თუ მოღალატეობრივი ქმედებებით მისცა რუსეთს შესაძლებლობა, აესრულებინა დიდი ხნის წადილი და განეხორციელებინა აფხაზეთისა და ცხინვალის სრული ოკუპაცია. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მშვიდობიანი მოსახლეობა შეატოვეს მტერს; რომ არა ჩვენი პატრიარქისა და ეკლესიის თავდადება, ალბათ, ჩვენს გმირებს მიწასაც კი ვერ მივაბარებდით. მათ ომში მარცხი ჯერ გამარჯვებად მონათლეს და რუსთაველის გამზირზე აზეიმეს ხალხს, შემდეგ კი მსხვერპლის როლი მოირგეს, მაგრამ, პარალელურად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იმ რეზოლუციას მიცეს ხმა, სადაც რუსეთის ინტერვენცია კონტრშეტევად არის შეფასებული. ამ ორმაგი ღალატის ჩამდენმა პოლიტიკურმა ძალამ დღეს პრეზიდენტის თანამდებობაზე რუსეთთან ორგანულად შესისხლხორცებული კანდიდატი შემოგვთავაზა, ხოლო ბოლშევიკური ოკუპაციის გამო ემიგრაციაში დაბადებულ, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალს და რუსული ბაზების საქართველოდან გამყვანს, სალომე ზურაბიშვილს – მოღალატეობა დასწამა“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძემ მოკლედ შეაჯამა პარტიის მუშაობა და განვლილი 6 წელი.
თბილისის მერმა ასევე ისაუბრა მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის კრიტიკაზეც. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა აკრიტიკებს იმ ადამიანს, ვინც რუსეთის ჯარები გაიყვანა საქართველოდან, როცა ეს ჯარები თავად შემოიყვანეს ქვეყანაში.