სხვა რამ რომ მოგვესმინა ლევან ყიფიანის მხრიდან, შესაძლოა, ფიზიკური განადგურების საფრთხე ჰქონოდა ამ ადამიანს, – ასე აფასებს “ომეგა ჯგუფის” საქმესთან დაკავშირებით სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის განცხადებებს „ძალა ერთობაშიას” საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ვაშაძე. მისი თქმით, ყიფიანის განცხადებებთან დაკავშირებით სხვა მოლოდინი არც ჰქონია.
“მე სხვა მოლოდინი არც მქონდა. წნეხის, ზეგავლენის, დაშინების უზარმაზარი მანქანა არის ჩართული. აქედან გამომდინარე, ყველა მოწმეს უზარმაზარი საფრთხე აქვს. სხვა რამ რომ მოგვესმინა ყიფიანის მხრიდან, შესაძლოა, ფიზიკური განადგურების საფრთხე ჰქონოდა ამ ადამიანს. სამწუხაროდ, ფსიქოლოგიურ-ფიზიკური ზეწოლის შედეგია ეს ყველაფერი. ასეთი რამეები არ იმალება, ყველაფერს ფარდა აეხდება”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, ლევან ყიფიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან დაკითხვიდან გამოსვლის ე.წ. სარდაფის ინციდენტს სრული სიყალბე და სამარცხვინო სიცრუე უწოდება.
მისი თქმით, ის ოთარ ფარცხალაძეს იცნობს და მასთან კომუნიკაცია არაერთხელ ჰქონია. ლევან ყიფიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არანაირ ზეწოლას ფარცხალაძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია და არც „სარდაფის ეპიზოდი“ არ ყოფილა. ამასთან, ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ მასზე არსებული ზეწოლის გამო ზაზა ოქუაშვილმა აუდიოჩანაწერების გაკეთება შესთავაზა, რათა ისინი უცხოელი პარტნიორების დასარწმუნებლად გამოეყენებინა.