ბიზნესმენი თემურ ჭყონია მუხრანის ველზე, Coca-cola-ს ახალი ქარხნის ამოქმედების შემდეგ, მტკნარი წყლის წარმოებას გეგმავს.. როგორც ბიზნესმენი „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას განმარტავს, ეს იქნება ადგილობრივი ბრენდი, რომელზეც მუშაობა დაწყებულია და დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
„ქართული წყალი ბრენდია, ათეული წლების წინ ამაში ლოკომოტივი „ბორჯომი“ იყო და მერე მოყვა მას სხვა წყლებიც. ამ ეტაპზე Coca-cola-ს სათო ოფისთან გვაქვს მოლაპარაკება და წარმოებული პროდუქცია მის ქსელში გაიყიდება. გარდა ამისა, ქართული წყლის გაყიდვა კავკასიაში, შუა აზიაში და სხვა კიდევ ბევრ ქვეყანაში მოხდება“.
ახალი ქარხანა მუხრანის ველზე 55 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსდება, აქედან 28 ათას კვადრატულ მეტრზე უშუალოდ ქარხნის დახურული ნაწილი იქნება. ახალ ქარხანაში „კოკა-კოლას“ მუზეუმიც განთავსდება, რომელშიც საქართველოში ბრენდის ისტორიის შესახებ ინფორმაციები იქნება თავმოყრილი.
მარიამ ლეკიაშვილი