სიღნაღში მე-18 საუკუნის ისტორიული გალავნის თაღზე მიმდენარე თვითნებური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კულტრული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სიღნაღის მერიას 15000 ლარით დააჯარიმებს. როგორც სააგენტოში ამბობენ, ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.წერს imedinews. როგორც სიღნაღის მერიაში ამბობენ, შესაძალოა მერიამ მათივე დამკვეთი საინჟინრო-მონიტორინგის ჯგუფი დააჯარიმოს.
ვიცემერის მადონა ბატიაშვილის ინფორმაციით, მათ პროექტით გათვალისწინებული ობიექტის ზედამხედველობა არაჯეროვნად შესრულეს, რის გამოც ბატიაშვილი გარკვეული სანქციების გამოყენებას არ გამორიცხავს.
ბატიაშვილის თქმით, რეაბილიტაციის პროექტით ცემენტით ნალესის მოხდა და გალავნის ძველ არქიტექტურასთან შესაბამისობაში მოყვანა იგეგმებოდა.
“პროექტში შეგიძლიათ ჩაიხედოთ და ნახოთ, რომ მსგავსი ტიპის სამუშაოები მერიის მიერ დაკვეთილი არ არის. პროექტის ფარგლებში ჩვენ არ ვეხებოდით კულტურულ მემკვიდრეობას, მხოლოდ კიბეების და არსებული პარკის აღდგენა-განახლება უნდა განეხორციელებინათ.
კერძოდ, ცემენტების და ნალესის მოხდა და ძველ არქიტექტურასთან შესაბამისობაში მოყვანა უნდა მომხდარიყო. მონიტორინგის ჯგუფმა საზედამხედველო ფუნქცია ვერ შეასრულა”, – განაცხადა სიღნაღის ვიცემერმა მადონა ბატიაშვილმა.
თუმცა ამასთან ცნობილია, რომ სიღნაღის მერიას ისტორიული გალავნის რეაბილიტაციის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებული არ ჰქონდა, რის გამოც სააგენტომ მერია დააჯარიმა.
ერეკლე მეფისდროინდელი გალავნის თაღის ღია კრემისფრად 10 ოქტომბერს კომპანია “ინსტალ +”-ის ხელოსნებმა თვითნებურად შეღებეს, რის გამოც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე ჩავიდნენ და კომპანია სამუშაოების სასწრაფოდ შეჩერება მოსთხოვეს.
წყარო:imedinews.ge