ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის საავტომობილო და სარკინიგზო გზები ისევ დაუკავშირდება ერთმანეთს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გადაწყვეტილება ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა პანმუნჯომის სასაზღვრო პუნქტზე შეხვედრისას მიიღეს.
ბოლო დროს ორ კორეას შორის მოლაპარაკებები გააქტიურდა. 18 და 19 სექტემბერს ერთმანეთს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები კიმ ჩენ ინი და მუნ ჯე ინი შეხვდნენ. ლიდერების შეხვედრა ფხენიანში ჩრდილოეთ კორეის მუშათა პარტიის ცენტრის შენობაში გაიმართა.
ის თუ რაზე შეთანხმდნენ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
იქამდე კი, 27 აპრილს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის არსებულ საზღვარზე ორი კორეის ლიდერის ისტორიული შეხვედრა გაიმართა. კიმ ჩენ ინმა და მუნ ჯე ინმა ერთობლივ დეკლარაციასაც მოაწერეს ხელი. ლიდერები სრულ ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ. მანამდე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებმა მშვიდობის ნიშნად საზღვარზე ფიჭვის ხე დარგეს.
12 ივნისს სინგაპურში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრა შედგა. ლიდერებმა დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები გამართეს, რომლის შემდეგაც დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ერთობლივ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
წყარო:imedinews.ge