საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროექტის “თანამედროვე კინოს დიდოსტატები” რიგით მეორე, შემოდგომის სესიის ფარგლებში, საქართველოს ეწვევა და მასტერკლასს გამართავს უახლესი კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კინორეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი.
აღნიშნული პროექტის მიზანია XXI საუკუნის კინომეტყველების ფორმების დანერგვა და ამ მიმართულებით სტუდენტების, კინოპროფესიონალებისა და კინომოყვარულების პროფესიული უნარებისა და შემოქმედებითი თვალსაწიერის გაფართოება.
ანდრეი ზვიაგინცევის ხელწერა გამოირჩევა ერთი მხრივ, მწვავე სოციალურ-პოლიტიკური მესიჯებით, ხოლო მეორე მხრივ, ღრმა და პოეტური ნარატივით. რეჟისორმა აღიარება მოიპოვა მსოფლიოს არაერთ წამყვან კინოფესტივალზე: სადებიუტო ფილმისთვის “დაბრუნება” ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო “ოქროს ლომი” დაიმსახურა, ხოლო ფილმები “ელენა”, “ლევიათანი”, “უსიყვარულოდ” კანის კინოფესტივალის გამარჯვებულები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ წელს, ანდრეი ზვიაგინცევი კანის ჟიურის წევრიც იყო.
22 ოქტომბერს, 11:00 საათზე „რუმსის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პრესკონფერენცია ანდრეი ზვიაგინცევთან.
22 – 23 ოქტომბერს, 13:00 საათზე, სტუდენტებისა და კინოპროფესიონალებისთვის ჩატარდება მასტერკლასები თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (რუსთაველის გამზ. #19) დ. ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის აუდიტორია №1-ში,24 ოქტომბერსკი, 19:00საათზე კინოთეატრ „ამირანის“ დიდ დარბაზში გაიმართება ფილმის “უსიყვარულო” სარეჟისორო ვერსიის ჩვენება, რომლის დასრულების შემდეგაც დამსწრე აუდიტორიას ავტორთან ღია დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა. საჯარო შეხევედრას კინომცოდნე თეო ხატიაშვილი გაუძღვება.