ბიზნესის წარმოება და, სამომავლოდ, მისი გამართლება, იმთავითვე, სათუო საკითხია. ყველა სფეროში, უკვე, მაღალი კონკურენციის პირობებში, რთულია, ისეთი საქმე წამოიწყო, რაც სხვებისგან განგასხვავებს და ხალხის ნდობასა და ინტერესს დაიმსახურებს.
“მწვანე ზებრა”, დღევანდელ საქართველოში, ქართული სალაშქრო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი ორგანიზაციაა. ის ტურიზმის შემდეგ მიმართულებებს აერთიანებს: ლაშქრობა; ექსკურსია; ჩანჩქერინგი – ჩანჩქერებზე დაშვება სპეციალური აღჭურვილობით (სამთო ქამარი, თოკები) ყველა მსურველისთვის, ვისაც უნდა მიიღოს ადრენალინის ჭარბი დოზა; კანიონინგი-ექსტრემალური გართობის საშუალება (მხოლოდ მამაცებს და გამოცდილებს შეუძლიათ შეუერთდნენ ზოლიან კანიონერებს); ურბანული და შავი ტურიზმი(#თუნგი) – თანამედროვე ცივილიზაციის მიტოვებული ნაშთები: ქარხნები, ბუნკერები, ობსერვატორიები და გვირაბები. ასევე – მიტოვებული, დაჟანგებული სამხედრო და სამოქალაქო ტექნიკა; ეკოკლუბი (#ეკომანი) – აქვე მოქმედებს გარემოს დაცვითი მიმართულების მქონე ეკოკლუბი, რომელიც ორგანიზებას უკეთებს დასუფთავებისა და გამწვანების აქციებს.
„მწვანე ზებრა“ 2015 წლის 21 მარტიდან არსებობს ქართულ რეალობაში. მისმა დამფუძნებლებმა, მრავალწლიანი და მრავალფეროვანი სალაშქრო გამოცდილებიდან გამომდინარე, გადაწყვიტეს, ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის შეეთავაზებინათ განსხვავებული მარშრუტები და გარემო, რომელთა უმრავლესობაზეც ძალიან ცოტა ადამიანი თუ იყო ნამყოფი; „თბილისი თაიმსს“ მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან გეჯაძე ესაუბრა კომპანიის შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
რატომ დაერქვა თქვენს ორგანიზაციას ეს სახელი?
გვინდოდა, სახელი ყოფილიყო მარტივად დასამახსოვრებელი, ლამაზი, ხალისიანი და განსხვავებული ამ ბაზარზე არსებულ სახელებთან;
ვისთვის არის ხელმისაწვდომი, რომ ისარგებლოს მისი შემოთავაზებებით?
ყველასთვის, გარდა არასრულწლოვანებისა, რომელთაც არ აქვთ მშობლების თანხმობა. იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია საქართველოს ბუნებითა და აქვს სურვილი დასამახსოვრებელი და განსხვავებული მოგზაურობებისა;
უცხოელები რამდენად არიან ჩართულები, რომ ისარგებლონ მისი სერვისებით?
„მწვანე ზებრა“ მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე მუშაობით არის დაკავებული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყნის ტურიზმი და, კონკრეტულად, სალაშქრო სფერო, საკმაოდ მოთხოვნადი ხდება როგორც ქართველებისთვის, ასევე – უცხოელებისთვის და ეს შემიძლია გითხრათ ყველანაირ სტატისტიკაზე დაყრდნობით;
კონკურენტად თუ აღიქვამთ ვინმეს?
კონკურენტად შეიძლება მივიჩნიოთ ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც ტურისტული საქმიანობით არის დაკავებული და, ამ მხრივ, საქართველოში კონკურენციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია;
რა გამოცდილება აქვთ იმ ადამიანების, რომლებიც ტურებს უწევენ ორგანიზებას?
„მწვანე ზებრას“ დაარსებამდე თითოეულ ჩვენგანს (ვგულისხმობ – ადმინისტრაციას) ჰქონდა საკმაოდ აქტიურად დატვირთული სალაშქრო წლები, რომლებშიც შევძელით საკმაოდ დიდი გამოცდილების დაგროვება. ჩვენ გვყავს სახელმწიფოსგან აღიარებული პირველი საფეხმავლო გიდები, რომელთა პროფესიონალიზმს სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის დიპლომები ადასტურებს;
როგორ ფიქრობთ, როგორც ბიზნესი, რამდენად მომგებიანია თქვენი საქმიანობა?
„მწვანე ზებრას“ დაარსების მთავარი მიზანი იყო საქართველოში არსებული სალაშქრო სფეროს პოპულარიზაცია და ჩართულობის გაზრდა, ახალი სალაშქრო ბილიკების აღმოჩენა და, შემდგომ, მათი სხვა ადამიანებისთვის გაცნობა. ტურისტული ბიზნესი საქართველოში ახლა იდგამს ფეხს და, შესაბამისად, მგონია, რომ ამ სფეროს განსაკუთრებული პოტენციალი აქვს – მისი მრავალფეროვნებიდან გამომდინარე.
ტენდენცია როგორია – რაც დრო გადის, მეტი ადამიანი ინტერესდება თქვენი შემოთავაზებებით, თუ როგორი მდგომარეობაა, ამ მხრივ?
ჩვენ ყოველწლიურ სტატისტიკას ვაწარმოებთ და ვანგარიშობთ, თუ რა სიხშირით იცვლება ბაზრის მდგომარეობა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ წლიდან წლამდე მოთხოვნა და ინტერესი სულ უფროდაუფრო მატულობს. მაგალითისთვის, თუკი, ჩვენ შემთხვევაში, 2016 წელს მომხმარებელთა მაჩვენებელი იყო 935, 2017 წელს ის გაიზარდა 1609 -მდე.
და ბოლოს, რა არის ის ძირითადი საკითხები, რომლებიც გასათვალისწინებელია მაშინ, როცა ადამიანი გეგმავს მოგზაურობას?
უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, გადაწყვიტოს, რა სახის მოგზაურობა უნდა: რთული ლაშქრობა, მარტივი ექსკურსია, თუ ექსტრემალური გართობა (მაგ: კანიონინგი). ამის შესაბამისად უნდა დაგეგმოს შემდეგ მოგზაურობა . ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, შეაფასოს საკუთარი როგორც ფიზიკური, ისე – ფსიქოლოგიური და მატერიალური შესაძლებლობები. გასათვალისწინებელია აღჭურვილობა: ჩანთა და შესაბამისი ფეხსაცმელი, ასევე – რუკის კითხვა, ან ორიენტირების უნარი. თუკი ადამიანი არასდროს ყოფილა ლაშქრობაში, თავიდანვე რთულ მარშრუტებს არ უნდა შეეჭიდოს.
მარიამ ტიელიძე