შსს-ს ინფორმაციით, მარნეულის საარჩევნო ოლქში მომხდარი ინციდენტის შესახებ 112-ში შევიდა შეტყობინება მარნეულის რ-ნის სოფ. იმირიდან 59-ე საარჩევნო უბანში კომისიის წევრის ცემასთან დაკავშირებით. ამის შესახებ 1tv.ge წერს.
პოლიციამ დაადგინა, რომ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ფ.კ.-ს და პარტია „ქართული ოცნების“ წევრს ხ. ჰ.-ს შორის მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.
როგორც შსს-ში აცხადებენ, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, საარჩევნო უბანზე სამართალდამცველები გამოცხადდნენ. პოლიციის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი – არ დაემორჩილნენ, რის გამოც ორივე მხარის წარმომადგენელი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს.