საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გუნდი განაგრძობს ინტენსიურ თანამშრომლობას ბიზნესსექტორთან.
დღეს სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, შემოსავლების სამსახურის უფროსი ლაშა ხუციშვილი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრა ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით გაიმართა, რომელზედაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაერთიანების წევრებს გააცნო ახალი საკანონმდებლო ინიციატივები.
მათი მიზანია, სამართლებრივი ადმინისტრირებისათვის სამართლიანი ბაზის შექმნა, გადასახადების ადმინისტრირების სრულყოფა და კანონმდებლობაში არსებული ტექნიკური უზუსტობებისა და ბუნდოვნებების აღმოფხვრაა.
ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი იმ სიახლეების შესახებ ისაუბრეს, რომლთა მიზანი, გადამხდელთა მომსახურების გაუმჯობესება და მათი ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებაა. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით:
• უქმდება საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს განმარტოს კოდექსის ცალკეული ნორმები და აღნიშნული თავისი შეხედულებისამებრ შეუთანხმოს საქართველოს მთავრობას;
• საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება საგადასახადო ომბუდსმესათვის/ მისი მოადგილისათვის;
• ახალი რედაქციით ყალიბდება საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მექანიზმები;
• საგადასახადო დავალიანების შემცირების გარდა, უქმდება ყველა სხვა სახის საგადასახადო შეთანხმება;
• ზუსტდება, რომ დღგ-ით დაბეგვრა ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ საქონლის მიწოდებას ან/და მომსახურების გაწევას და სხვა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ წარმომადგენილი ერთ-ერთი ცვლილება კი ეხება საგადასახადო შემოსავლების აღრიცხვის სისტემას. 2014 წლიდან იგეგმება გადასახადების ერთიანი სახაზინო კოდის პრინციპის ამოქმედება. რაც გადასახადის თანხის ერთ ანგარიშზე სახაზინო კოდის მითითების გარეშე ჩაირიცხვას ითვალისწინებს.
შემცირდება საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვის პირადი ბარათებისა და გადამხდელის მიერ განსახორციელებელი ტრანზაქციების რაოდენობა. ამასთან, გადამხდელის მიერ ბიუჯეტში ჩარიცხული თანხით დაიფარება მხოლოდ აღიარებული ვალდებულებები. აღნიშნული სისტემა გადამხდელთათვის ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნება. გადასახადის ერთი სახიდან სხვა სახეში თანხის გადასატანად აღარ იქნება საჭირო გადამხდელის მომართვა – აღნიშნულ ოპერაციას სისტემა ავტომატურად განახორციელებს.
„ჩვენ ბიზნესს სისტემატურად ვხვდებით. დღეს ბიზნეს ასოციაციის წევრებს გავაცანით ახალი საკანონმდებლო ინიციატივები. იცით, რომ მომავალი წლიდან ჩვენ ვიწყებთ დაბრუნების პროცესს საშამოსავლო გადასახადში. ვგულისხმობ, დაუბეგრავი მინიმუმის თემას. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ერთიანი სახაზინო კოდის პრინციპის ამოქმედება. დღეს სახაზინო კოდები განსხვავებულია და შემოსავლები სხვადასხვა ანგარიშებზე ირიცხება, მათი გადატანა კი ფასიანია. მომავალი წლიდან ეს პრობლემები მოიხსნება და ერთიან სახაზინო კოდზე გადასვლის შემდეგ, ძალიან ბევრი მიმართულებით ბიზნესს გაუადვილდება მუშაობა,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
„ერთიანი სახაზინო კოდის ამოქმედება მოაწესრიგებს აღრიცხვის სისტემას, ეს კი საშუალებას მოგვცემს ტრანზაქციების რაოდენობა, რომელსაც ბიზნესი ახორციელებს, რამოდენიმეჯერ შემცირდეს. ეს ინიციატივა ბიზნესს შეუმცირებს, როგორც ტექნიკურ, ისე ფინანსურ დანახარჯებს,“ – აღნიშნა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლაშა ხუციშვილმა.
შეხვედრის მონაწილეებს აგრეთვე დეტალურად განემარტათ დაუბეგრავი მინიმუმის უკან დაბრუნების პროცედურები. როგორც ცნობილია, დაუბეგრავი მინიმუმი დაუწესდა შედარებით დაბალი შემოსავლის მქონე პირებს – კერძოდ, პირებს რომელთა ხელფასის სახით მიღებული წლიური დასაბეგრი შემოსავალი არ აღემატება 6000 ლარს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, მონაცემების დეკლარაციების საფუძველზე, შეიქმნება იმ პირთა სია, რომლებიც ისარგებლებენ აღნიშნული შეღავათით. დაქირავებული ფიზიკური პირი შემოსავლების სამსახურში დეკლარაციის წარდგენის შემდეგ დაიბრუნებს დამქირავებლის მიერ დაუბეგრავი მინიმუმის ოდენობის ხელფასის გაცემისას დაკავებულ საშემოსავლო გადასახადს, რომლის მაქსიმალური ოდენობა 360 ლარი იქნება.
ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრა დადებითად შეაფასეს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა.
„ფინანსთა მინისტრი კოლეგებთან ერთად ხშირად სტუმრობს ბიზნეს ასოციაციას, რაც მისასალმებელია. ჩვენი აზრით, ძალიან დიდი ნაბიჯია ერთიანი სახაზინო კოდის ამოქმედება და ეს ინიციატივა დიდ სარგებელს მოუტანს ბიზნესს,“ – განაცხადა ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
„ვფიქრობ, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ინოვაციური ნაბიჯია ხანდაზმულობის ვადის 6-დან 3 წლამდე ჩამოწევა. მთავარი კი ისაა, რომ რეფორმები არ ჩერდება და გრძელდება,“ – განაცხადა ბანკი „რესპუბლიკა“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლაშა პაპაშვილმა.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბიზნეს ასოციაციის წევრების შეკითხვებს უპასუხეს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ თანამშრომლობა ბიზნეს სექტორსა და ფინანსთა სამინისტროს შორის აქტიურად გაგრძელდება.
03.10.13