საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ფინეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ფინეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. მინისტრმა მათ ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, როგორც ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების, ასევე საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების შესახებ. მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაზე და ქვეყნის განვითარების მთავარ პრიორიტეტებზე.
შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის დიასპორის საკითხებზე მუშაობის პრიორიტეტულობას და აღნიშნა ის მრავალი ინიციატივა თუ პროექტი, რომლის განხორციელებაც სამინისტროს დაგეგმილი აქვს საზღვარგარეთ ქართული დიასპორის გასაძლიერებლად და მხარდასაჭერად. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ფინეთში საქართველოს მცირერიცხოვანი დიასპორა ჰყავს, თუმცა ისინი დიდ როლს თამაშობენ ფინეთის საზოგადოებაში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების, ქვეყნის პოპულარიზაციის და ორმხრივი კულტურული ურთიერთობების გაუმჯობესებაში. განსაკუთრებით აღინიშნა ტურიზმის მიმართულებით არსებული დიდი პოტენციალი, მინისტრმა მადლობა გადაუხადა დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები ფინელი ტურისტებისა და ვიზიტორების საქართველოში მოზიდვით. ასევე ხორციელდება მრავალი პროექტი ორი ხალხისა და ქვეყნის კულტურული დაახლოებისთვის.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული საკვირაო სკოლების დიდ მნიშვნელობას, დიასპორის წარმომადგენლებში ქართული ენისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის, ამ მხრივ დიასპორის წარმომადგენლები მიესალმნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საკვირაო სკოლების სახელმძღვანელოს შექმნის შესახებ, რომლის პრეზენტაციაც ახლო მომავალში გაიმართება.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს, დიასპორის წარმომადგენლები დაინტერესედნენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობით და მოისმინეს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა თავშესაფრის მაძიებელთა ბოროტად გამოყენების შემთხვევების პრევენციისთვის.
დიასპორის წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობით, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პერსპექტივით და ასევე საქართველოს სამთავრობო პროგრამის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ დეტალებით. დავით ზალკალიანი ფინეთს მიმდინარე წლის 11-12 ნოემბერს ეწვია სკანდინავიური ქვეყნების ტურნეს ფარგლებში.