შარლოტა(Charlotte) ბავშვის სამოსის ახალი ბრენდია, რომელიც კლასიკური დიზაინით შექმნილ სამოსს აწარმოებს პატარა პრინცებისა და პრინცესებისთვის. სამოსის შექმნის ინსპირაცია ინგლისის პატარა პრინცესას შარლოტას (PrincessCharlotteofCambridge) სტილი გახდა. ბრენდის სამოსი ქართველ პატარებს ტრადიციულ ბრიტანულ კონსერვატიულ სტილს სთავაზობს. სამოსში გამოყენებულია ნეიტრალური ფერები, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს მის ელეგანტურობასა და ვინტაჟურობას. “თბილისი თაიმსს” ნინო უგრეხელიძე “შრალოტას” შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
რამდენი ხანია რაც ბრენდი არსებობს და რატომ გადაწყვიტეთ მისი შექმნა?
ქართულ სამეწარმეო სივრცეში შარლოტა სექტემბრიდან გამოჩნდა და საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სამოსის შექმნის იდეა უკავშირდება ჩემ შვილს, რომლისთვისაც გამუდმებით ვეძებდი ნაკლებად მკვეთრი „არაბავშვური“ ფერების სამოსს, თუმცა მიჭირდა ასეთის პოვნა.შემდეგ გადავწყვიტე ჩემთვის საყვარელი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სტილის გათვალისწინებით შემექმნა კლასიკური სამოსი, როგორც ჩემი შვილისთვის, ასევე სხვა პატარებისთვისაც. შემიძლია ვთქვა, რომ იდეამ გაამართლა და ქართველი დედები მართლაც დაინტერესდნენ შარლოტას პროდუქციით.
რა სახის სამოსს აწარმოებთ და რა არის მთავარი კონცეფცია?
შარლოტა(Charlotte) როგორც გოგონებისთვის ასევე ბიჭებისთვის აწარმოებს სადღესასწაულო და ყოველდღიური ტიპის სამოსს. ზამთრის მოახლოებასთან ერთად პატარა მომხმარებლებს თბილი პალტოების ახალ კოლექციას ვთავაზობთ, რომელიც დახვეწილი დიზაინითდა სასიამოვნო ფერებით გამოირჩევა. ბრენდის მთავარი კონცეფცია არის სტილისა და ფერების ჰარმონია,რომელშიც დიდი როლი აქვს ხარისხიან ქსოვილს და პროფესიონალურ კერვას.
ვისზეა სამოსი გათვლილი?
შარლოტას სამოსი გათვლილია 0-და 12-წლამდე მომხმარებლებისთვის, რომელთათვისაც მთავარია კლასიკური დიზაინი და ხარისხიანი პროდუქტი.ამ ეტაპზე ვმუშაობთ მხოლოდ ბავშვის პროდუქტზე, თუმცა მომავალში განვიხილავთ დედა-შვილის ერთობლივი კოლექციის შექმნას. აღსანიშნავია ისიც, რომ მომხმარებლებს ვთავაზობთ ინდივიდუალურ დიზაინსაც, რაც გვეხმარება უკეთ გავიგოთ მშობლების საჭიროებები, გემოვნება და ინტერესის სფეროები.
როგორია ფასები და სად შეიძლება მათი შეძენა?
შარლოტა (Charlotte) ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ინტერნეტ ატელიეს სახით. facebook დაInstagram -ის გვერდზე შემოთავაზებული მოდელებიდან მომხმარებელს შეუძლია შეუკვეთოს სასურველი ზომა და მოდელი. პროდუქტის ფასები 75 ლარიდან 150 ლარამდე მერყეობს და სრულ შესაბამისობაშია პროდუქტის ხარისხთან.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
სამომავლოდ ვაპირებთ შევქმნათ სპეციალური ხაზი „ჩემი პირველი დაბადების დღე“ და „ჩემი ნათლობა“. ასევე, დიდი სურვილი გვაქვს უახლოეს მომავალში შარლოტას პროდუქცია ყველასთვის ხელშესახები გახდეს, რისთვისაც ვგეგმავთ შოურუმის მოწყობას.
ექსკლუზიურად გეტყვით, რომ უკვე დავიწყეთ საახალწლო სადღესასწაულო სამოსის შექმნა და დეკემბრის დასაწყისში იხილავთ ახალ კოლექციას.
მარიამ ლეკიაშვილი