უჩვეულოდ ლამაზმა, თბილისურმა ისტორიულმა სახლმა, Dzidzikashvili Art-Photo გამოფენასა და მარიამ ქალებაშვილის პოეზიის საღამოს უმასპინძლა.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ გიორგი ძიძიკაშვილის ფოტოები, მათი საშუალებით გაცნობოდნენ თბილისურ შენობებს და ამბებს. ასაკისა და სქესის განურჩევლად, ადამიანურ განცდებზე დაფიქრებულიყვნენ. და ამავე დროს მათ შეეძლოთ ყური მიეგდოთ პოეზიისთვის -დასწრებოდნენ მარიამ ქალებაშვილის წიგნის პრეზენტაციას.
“გიორგი თბილელის ქარვასლაში, თბილისის ისტორიის მუზეუმში, რამდენიმე წლის წინ გავიცანი. მუზეუმების საერთაშორისო დღეს ფოტოების გადასაღებად იყო მოსული. მალე დავმეგობრდით. გარდა იმისა, რომ კარგი ფოტოგრაფია, ასევე ძალიან თბილი და უშუალო ადამიანია. მისი რამდენიმე ფოტოს მიხედვით ლექსები დავწერე. მას მერე გაგვიჩნდა იდეა, რომ მოგვეწყო გამოფენა, რომელიც პოეზიას და ფოტოგრაფიას გააერთიანებდა. ქალბატონმა ნინომ შემოგვთავაზა მისი ისტორიული საცხოვრებელი სახლის დროებით საგამოფენო სივრცედ გარდაქმნა. პირველი ოთახი გიორგის შავ-თეთრი ფოტოებისა და ჩემი ლექსების გამოსაფენად გამოვიყენეთ. შუა ოთახი, რომელიც მრგვალია და ბუხარი აქვს დატანებული, მხოლოდ ფოტოებით დავამშვენეთ. მესამე ოთახი კი პოეზიის ოთახი ვუწოდეთ.”
ხელოვნების საღამოზე წარმოდგენილი იყო მარიამ ქალებაშვილის პირველი ლექსების კრებული „ყველას გვიყვარდა“., რომელიც 2006-2016 წლებშია დაწერილი. კრებულის რედაქტორი პოეტი და მთარგმნელი ანზორ აბჟანდაძეა.
“ამ ეტაპზე დაინტერესებული ვარ რელიგიური, გენდერული და სექსუალობის საკითხებით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ამბავი ყველასთვის ნაცნობია, სიახლე, ვფიქრობ, ისაა, რომ გენდერულ პრიზმაში ამ ნარატივმა განსხვავებული ელფერი შეიძინა. ვფიქრობ, გავაგრძელებ ვერლიბრის წერას, თუმცა რაც დრო გადის, ლექსის წერა ბევრად უფრო რთული საქმე მგონია, ვიდრე მანამდე წარმომედგინა. მინდა პროზაშიც მოვსინჯო ჩემი შესაძლებლობები. წინასწარ რთულია თქმა, საბოლოოდ რომელ გზას ავირჩევ. იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ მსურს გავაგრძელო წერა, ჩემთვისაც მოვიპოვო ჩემი წილი ინტელექტუალური სიხარული და სხვასაც მივანიჭო.”
გიორგი ძიძიკაშვილი თვითნასწავლი “მოხეტიალე ფოტოგრაფია”, რომელმაც ხელოვნებაში თავი სამი წლის წინ იპოვნა და მას შემდეგ აქტიურადაა “ქუჩის ფოტოგრაფიით” დაკავებული.
“ძალიან მიყვარს ქუჩაში წანწალი. სიურიალისტური ჟანრის ფოტოების გადაღება. მიყვარს პორტრეტულ ფოტოებზე ადამიანის უხილავი თუ ხილული ემოციების აღბეჭდვა. ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს,გადაიღებ ფოტოს და შემდეგ უყურებ რას გრძნობდა ჩემი ფოტო ობიექტივის გმირი ფირზე აღბეჭდვის დროს. რაც შეეხება დღევანდელ საღამოს მე და მარიამმა ვეცადეთ, ლექსები და ფოტოები ერთმანეთთან მჭიდროდ დაგვეკავშირებინა. მომავალშიც ვაპირებთ მსგავსი ღონისძიებების გაგრძელებას.”
“ხელოვნების საღამო” გიორგი ძიძიკაშვილის მეორე ფოტო გამოფენაა.
“პირველ გამოფენს “ფერადი სამყარო” ვუწოდე. ჩემს ფოტოებში ფერებს დიდ უპირატესობას ვანიჭებ. ჩემებურად, განსხვავებულ ფერებში ვუყურებ სამყაროს,რაც ხშირად დამთვალიერებლის გაოცებასაც იწვევს ხოლმე. როდესაც ფოტოს ვიღებ, მოუთმენლად ველოდები, როდის მივიტან მნახველამდე, ველოდები მათ ემოციებსა და შეფასებებს. ნებისმიერი ხელოვანი, რომელიც ხელოვნებას ემსახურება დაინტერესებული უნდა იყოს, თავისი შემოქმედება როგორმე მიიტანოს ხალხამდე.”
ისტორიული სახლის პატრონი ნინო ლაშქარაშვილია. რომელმაც გადაწყვიტა საკუთარი სახლი “ხელოვნების საღამოსთვის” დაეთმო.
“არის ძალიან ლამაზი, არაორდინალური სახლი. ყველა ოთახს აქვს სხვადასხვა ფორმა.მთავარ ხიბლს კი მრგვალი ოთახი და მოგიზგიზე ბუხარი წარმოადგენს. ძალიან მინდა ნიჭიერი ახალგაზრდები გაიცნოს საზოგადოებამ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მათთვის დამეთმო სახლი, რომელიც თავის თავში დიდ ხელოვნებას აერთიანებს.”
“ხელოვნების საღამო” ჭიქა ღვინით, მოგიზგიზე ბუხართან მარიამ ქალებაშვილის ლექსებმა კლასიკური მუსიკის ფონზე დახურა.
მარიამ ლეკიაშვილი