„საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია იამაყოს იმ შეფასებით, რაც ჩვენმა ქვეყანამ ევროპარლამენტისგან მიიღო“, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, რომელიც ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, თამარ ხულორდავასთან ერთად ევროპარლამენტში იმყოფება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, „საქართველოსთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია რამდენიმე მიზეზის გამო: უპირველესად იმიტომ, რომ პირველად გვაფასებს ევროპარლამენტი თუ როგორ ვასრულებთ ვიზალიბერალიზაციით ნაკისრ ვალდებულებებს; ამასთან, გვაფასებენ არა მარტო ჩვენ, არამედ უკრაინას და მოლდოვას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის განსხვავება, როგორც საუბრობს ევროპარლამენტი ჩვენს ქვეყანაზე: საქართველოს მიმართ არის ცალსახა მხარდაჭერა და პოზიტიური შეფასება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები, რომ უფრო წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე. მე ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია იამაყოს იმ შეფასებით, რომელიც ევროპარლამენტარების მხრიდან მივიღეთ – ეს იყო განსაკუთრებული აღიარება ჩვენს მიერ განვლილი გზის და ცალსახა მხარდაჭერა, რასაც ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, თუმცა არ უნდა დავკმაყოფილდეთ მიღწეულით და გავაგრძელოთ დაუღალავი მუშობა იმისათვის, რომ სადაც არ გვაქვს ასეთივე შედეგები, იქაც გვქონდეს“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა.
მხარდაჭერასთან ერთად გამოიკვეთა ის საკითხები, რომლებსაც საქართველომ მეტი ძალისხმევა უნდა მოახმაროს. ეს არის პარლამენტის როლის გაძლიერება, საპარლამენტო კონტროლი, მართლმსაჯულების რეფორმა და სხვა. „დარწმუნებული ვარ, იმაზე ჩქარა და ეფექტურად მივაღწევთ შედეგებს, ვიდრე ამას ჩვენგან ელოდებიან ევროპარლამენტარები და უპირველეს ყოვლისა კი, შედეგების დადებას შევძლებთ ჩვენი მოქალაქეებისათვის“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
„კორუფციის თემა ერთ-ერთი საინტერესო იყო ევროპარლამენტარ რებეკა ჰარმსის გამოსვლაში. მისი შეფასებით, საქართველო არის უფრო წარმატებული, ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი კორუფციასთან ბრძოლის გზაზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვადარებენ არა ჩვენს მეზობლებს, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და მათთან შედარებითაც კი ჩვენი ქვეყანა არის ბევრზე წარმატებული. არის თუ არა ამ კუთხით რაიმე გასაკეთებელი? – რა თქმა უნდა არის. თუ ჩვენ საზოგადოებას ჭირდება მეტი განცდა, რომ კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმი უნდა იყოს უფრო გამართული და არცერთი ფაქტი გამოუძიებელი არ უნდა დარჩეს, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ და მე ამას მხარს დავუჭერ!“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა.