პარლამენტის წევრებმა ზაზა გაბუნიამ და მარიამ ჯაშმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, ,,დედაენა“ – ქართული საანბანე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს მოამზადებს და დაბეჭდავს სასწავლო პროცესისთვის.
საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზანია, ,,დედაენა“, რომელსაც მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, დაცული იყოს ყოველგვარი ცვლილებებისგან და სკოლის მოსწავლეები შეუფერხებლად სწავლობდნენ ამ წიგნით.
,,დედაენა“ – ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი, გარდა იმისა, რომ არის საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, ასევე, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაშია შეტანილი როგორც ნომინაციის – ,,ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი.
საერთაშორისო კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ითხოვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას, რაც, კონვენციის შესაბამისად, გულისხმობს ზომების მიღებას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად – მათ შორის, მის იდენტიფიკაციას, დოკუმენტირებას, კვლევას, შენარჩუნებას, დაცვას, პოპულარიზაციას, მისი როლის ამაღლებასა და მის გადაცემას უმთავრესად ფორმალური და არაფორმალური განათლების მეშვეობით, აგრეთვე, ასეთი მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტის აღორძინებას, რაც ,,დედაენა“ – ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდის შემთხვევაში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ჩართოს აღნიშნული წიგნი სასწავლო პროცესში.