პარლამენტის რიგგარეშე სხდომამ მეორე მოსმენით განხილა კანონპროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ .
როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისთავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა, ცვლილება გამომდინარეობს იმ პრაქტიკული გამოცდილებიდან, რომელიც დაფიქსირდა კანონის ძირითადი რეგულაციების ძალაში შესვლის ექვსი თვის თავზე.
„კომიტეტთან შექმნილია საზედამხედველო საბჭო, რომელიც ყურადღებით აკვირდება და ზედამხედველობას უწევს კანონის აღსრულებას და ამ პროცესში გამოვლინდა მთელი რიგი ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაც მიზანშეწონილად მივიჩნიეთ. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს იმას, რომ კანონში თავის დროზე ჩადებული იყო არასწორი ნორმები. ეს იყო საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით მიღებული ნორმები. ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის თავზე, როდესაც მოსახლეობის აზრის კვლევა ჩატარდა, ჩვენი მოქალაქეების 85%-მა მხარი დაუჭირა ძირითად ნორმას – შენობებში თამბაქოს მოწევის აკრძალავას და ეს არის ძალიან დიდი მხარდჭერა. დამოუკიდებელმა მონიტორებმა შენობებში, საჯარო თუ კერძო დაწესებულებებში, სადაც ვრცელდება ახალი ნორმები, დააფიქსირეს კანონის 96%-იანი აღსრულება. მიუხედავად ამ მონაცემებისა, გამოიკვეთა მთელი რიგი ცვლილებების საჭიროება“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისი განმარტებით, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია 2019 წლის 31 მაისამდე წარმოადგინოს თამბაქოს ნაწარმში ინგრედიენტების შემცველობის თაობაზე ინფორმაცია, თუმცა ვინაიდან ეს საკმაოდ მოცულობითი ინფორმაციაა, არ არის ვალდებულება ყოველწლიურად წარმოადგინონ მათ ეს მონაცემები, თუ არ იცვლება ამ ინგრედიენტების შემადგენლობა.
კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, განცალკევებით განლაგებულად ჩაითვლება თამბაქოს ნაწარმი, თამბაქოს აქსესუარი ან/და თამბაქოს მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელიც სურსათისგან ან/და სხვა პროდუქტისგან განცალკევებულია გაუმჭვირვალე თაროს/მოწყობილობის/ტიხრის საშუალებით ან განთავსებულია სავაჭრო ობიექტში სხვა ადგილას, სურსათის ან/და სხვა პროდუქტის რეალიზაციისათვის გამოყოფილი განცალკევებული სავაჭრო განყოფილებებისგან ან/და სექციებისგან დამოუკიდებლად. სავაჭრო განყოფილებად/სექციად ითვლება სავაჭრო ობიექტის ნაწილი, სადაც იყიდება სურსათის ან/და სხვა პროდუქტის განსაზღვრეული სახეობა/სახეობები.
ცვლილება განიცადა კანონპროექტის ერთ-ერთმა პუნქტმა, რომელიც სასაზღვრო კონტროლის ზონაში არსებულ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში ინგლისურენოვანი სამედიცინო გაფრთხილების განთავსებას ეხება.
კერძოდ, 2022 წლის 31 დეკემბრამდე იმ თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე, რომელიც განკუთვნილია სასაზღვრო კონტროლის ზონაში არსებულ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციისათვის ან/და განლაგებისათვის, შეიძლება განთავსდეს ინგლისურენოვანი სამედიცინო გაფრთხილება, რომელიც სრულად შეესაბამება მოცემული პროდუქტისათვის ევროკავშირის მოქმედი დირექტივის მოთხოვნებს და არ არღვევს ინტელექტუალური საკუთრების და სხვა უფლებებს.
სხდომაზე მეორე მოსმენით იქნა განხილული საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესლიას განცხადებით, ცვლილება გამომდინარეობს კანონმდებლობის კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის პროცესიდან.
კანონპროექტი ითვალისწინებს სასამართლოების მიერ განსახილველ სამოქალაქო საქმეების ჩამონათვალში შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეების დამატებას, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს.
პარლამენტის წევრებმა განიხილეს საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2014 წლის 9 ივლისის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტი)“ პირველი ცვლილების“ რატიფიცირების თაობაზე“.
„აღნიშნული ხელშეკრულებით საქართველოსთვის გამოყოფილი იყო 75 მილიონი დოლარი, რომელიც უნდა მოხმარებოდა დაახლოებით 200 კილომეტრამდე შიდასახელმწიფოებრივი გზების რეაბილიტაციას. განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქნილია ეკონომია, ჯამში 17 მილიონი დოლარის ოდენობით. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით გვეძლევა უფლება, რომ ეს 17 მილიონი დამატებით 69კმ გზის რეაბილიტაციაზე გამოვიყენოთ“ , – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.
რიგგარეშე სხდომაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს პარლამენტის დადგენილების ოთხი პროექტი, რომელიც შეეხებოდა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სესხის ხელშეკრულებაში შესატან ცვლილებებს.
კერძოდ:
· საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2012 წლის 24 ივლისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სესხის ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 2)“ #3 ცვლილების წერილ-შეთანხმების“ რატიფიცირების თაობაზე“ ;
· საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2010 წლის 5 აგვისტოს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 1)“ #4 ცვლილების წერილ-შეთანხმების“ რატიფიცირების თაობაზე“;
· საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2013 წლის 19 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 3)“ #1 ცვლილების წერილ-შეთანხმების“ რატიფიცირების თაობაზე“;
· საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2012 წლის 24 ივლისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სესხის ხელშეკრულების (განსაკუთრებული ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 2)“ #4 ცვლილების წერილ-შეთანხმების“ რატიფიცირების თაობაზე“.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განმარტა, ოთხივე საკითხი უკავშირდება ერთ დიდ ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც აზიის განვითარების ბანკთან 2010 წელს გაფორმდა და ითვალისწინებს საქართველოსთვის 300 მილიონი დოლარის გამოყოფას.
„პროექტის სახელწოდებაა – მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა, რომლის ფარგლებში ხუთი ხელშეკრულებაა გაფორმებული და ხელშეკრულების ფარგლებში დაფინანსდა მესტიისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია, მეტროს სადგურის მშენებლობა თბილისში, რუსთავი – თბილისის ავტომაგისტრალი, ასევე ფინანსდება ბათუმში ნაპირდამცავი სამუშაოები და სხვა პროექტები. ხუთი ხელშეკრულებიდან სამში უკვე წარმოქმნილია ეკონომია 50 მილიონ დოლარამდე და მიზანშეწონილია, რომ მოხდეს ამ თანხის გამოყენება დამატებით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. თუმცა იმისთვის, რომ მოლაპარაკებები ვაწარმოოთ დონორებთან და ამ თანხების დამატებით გამოყენების საშულება გვქონდეს, გვიწევს ვადა გავადავწიოთ. კერძოდ, ამ ხელშეკრულებებს ვადა 2018 წელს ეწურებოდა და დონორთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, შესაძლებლობა გვაქვს, რომ მათი ვადა 2020 წლის ივლისამდე გადაიწიოს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
რიგგარეშე სხდომამ დღეს მეორე მოსმენით განიხილა და 83 ხმით, 3-ის წინააღმდეგ მიიღო „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი“.
რეგლამენტის პროექტი სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, გუშინ, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე 11 საათის განმავლობაში ყველა მუხლი დეტალურად იქნა განხილული.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ახალი რეგლამენტის პროექტით: პარლამენტის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად პრინციპად მიჩნეულია წარმომადგენლობითობა და პროპორციულობის დაცვა, პარლამენტის ადგილსამყოფელად განსაზღვრულია საქართველოს დედაქალაქი – თბილისი და ასევე, დაკონკრეტებულია ვადების ათვლის წესები.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი სიახლეა მე-19 მუხლში, რომლის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარე წარმოადგენს არა მარტო პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს, არამედ პარლამენტის ყოველწლიური სამოქმედო გეგმასაც.
„პროექტის თანახმად, პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტის თავმჯდომარე წარმოადგენს საგაზაფხულო სესიის დასაწყისში. აქ დაემატა პარლამენტის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის წარმოდგენის ვალდებულებაც. პარლამენტს გარდა იმისა, რომ ექნება კომიტეტების სამოქმედო გეგმები, ასევე ამ მუხლის მიხედვით, ექნება მთლიანად პარლამენტის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენი საქმიანობა იყოს ბევრად უფრო ორგანიზებული და ჩვენი საქმიანობის ყოველწლიური შეფასება იყოს ბევრად უფრო გამარტივებული როგორც ჩვენთვის, ასევე გარეშე პირებისთვის, რომლებიც აფასებენ პარლამენტის მუშაობას“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
მისივე თქმით, კომიტეტის სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნით, ან პარლამენტის ბიუროს დავალებით. პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ პროექტში შევიდა ცვლილება, რომლითაც გართულებულია 3 კალენდარული დღით ადრე გამოქვეყნებულ კომიტეტის დღის წესრიგში საკითხის დამატება.
კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციაზე საუბრისას, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა მე-40 მუხლში, რომელიც შეეხება იმ სუბიექტის განსაზღვრას, ვისაც აქვს უფლებამოსილება კომიტეტის სხდომაზე დაიბაროს მთავარობის წევრი ან სხვა ანგარიშვალდებული პირი.
„შემოთავაზებული იყო, რომ კომიტეტზე კომიტეტის წევრთა ერთი მეხუთედი ყოფილიყო ეს სუბიექტი, თუმცა ჩვენ გავითვალისწინეთ გამოთქმული შენიშვნები, მოსაზრებები, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან საჯაროდ დაფიქსირებული და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრაქცია იქნება ის სუბიექტი, რომელსაც შეუძლია კომიტეტზე დაიბაროს ანგარიშვალდებული პირი იმ შემთხვევაში, თუ მას ერთი წარმომადგენელი მაინც ჰყავს კომიტეტში. იცვლება, ის რომ ფრაქციაში დაბარება არ ხდება, მაგარამ ფრაქციას აქვს უფლება და უფლებამოსილება, რომ კომიტეტში განახორციელოს ამ ტიპის საზედამხედველო უფლებამოსილება“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
ამავე მუხლს დაემატა ახალი პუნქტი, რომლის თანახმად, პრემიერ-მინისტრის, საქართველოს გენერალური პროკურორის და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დაბარების შემთხვევაში კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობით.
ცვლილება შეეხო მუხლს, რომელიც დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილებას განსაზღვრავს. კერძოდ, დროებითი საგამოძიებო კომისიას არ დაჭირდება საქართველოს გენერალური პროკურორის ნებართვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ადგილზე გაეცნოს სისხლის სამართლის საქმეს. შესაძლებელი იქნება, ასევე, ადგილზე საქმის ასლის მიღება.
რეგლამენტის პროექტს დაემატა ახალი მუხლი საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევის წესის შესახებ. თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, ეს ცვლილება გამომდინარეობს „პროკურატურის შესახებ“ ახალი კანონის მიღებიდან და შემუშავებულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ.
მომხსენებელმა პარლამენტის წევრებს, ასევე, გააცნო რეგლამენტის პროექტში შესული რედაქციული სახის ცვლილებები.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის შეფასებით, კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა ახალი რეგლამენტის პროექტი და მხარი დაუჭირა როგორც ძალიან პროგრესულ აქტს.
„მინდა აღვნიშნო, რომ საკომიტეტო განხილვა საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო იყო და მასში ძალიან აქტიურად მონაწილეობდნენ არა მარტო პარლამენტის წევრები, არამედ სახელისუფლებო ინსტიტუციების წარმომადგენელები. ამ პროცესში ძალიან აქტიურად იყო ჩართული არასამთავრობო სექტორიც და რა თქმა უნდა, მსგავსი ინტენსიური მუშაობის შედეგი არის სწორედ ასეთი დახვეწილი აქტი, რომელზეც ჩვენ დღეს ვმსჯელობთ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
დასკვნით სიტყვაში, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს რეგლამენტის პროექტის შემუშავებისა და განხილვის პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის.
„გულწრფელად მჯერა, რომ თუ ჩვენ ამ დოკუმენტს მივიღებთ, პარლამენტი ახალი წლიდან ახლოს მივა იმასთან, რა მოლოდინებიც საზოგადოებას აქვს ჩვენს მიმართ. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ სწორედ ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც პასუხს ვაგებთ მათ მიერ გაკეთებულ არჩევანზე, ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც უზრუნველყოფს, რომ მთავრობა იყოს ეფექტური, საქმიანი და სწორად და კარგად ახორციელებდეს თავის ფუნქციას და უფლებამოსილებას.
ვფიქრობ, რომ ეს რეგლამენტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ განვახორციელოთ ზუსტად ის, რისი მოლოდინიც მოსახლეობას აქვს ჩვენგან და შესაბამისად მგონია, რომ პარლამენტი შეგვიძლია ერთად გავხადოთ ბევრად უფრო ქმედითი, ვიდრე ის აქამდე ყოფილა, მიუხედავად ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისა, რომელიც, რა თქმა უნდა, პარლამენტს მიღებული აქვს. თუკი ამ დოკუმენტ მხარს დაუჭერთ, მერე უკვე ჩვენზე იქნება დამოკიდებული რამდენად გამოიყენებს ყველა ჩვენგანი იმ მნიშვნელოვან ძალიან ძლიერ ბერკეტებს, რომელიც დოკუმენტშია გათვალსიწინებული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ერთად, ინდივიდუალურად და ჯგუფურად მაქსიმალურად გამოვიყენებთ თითოეულ მუხლს, რომელის აქ არის ჩადებული, განსაკუთრებით საპარლამენტო კონტროლის თავში იმიტომ, რომ ეს არის ძლიერი იარაღი ჩვენს ხელში და მისი განხორციელება მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტში მოცემულია პარლამენტის რეგლამენტის ზოგადი დებულებები, პარლამენტის წევრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და მის მოადგილების უფლებამოსილებების მარეგულირებელი ნორმები.
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის კომიტეტების, ფრაქციების, დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების საქმიანობის მომწესრიგებელ ნორმებს. რეგლამენტის პროექტი აგრეთვე აწესრიგებს პარლამენტის სათათბირო ორგანოების, პარლამენტის სესიის და სხდომის, საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს. გარდა ამისა რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებულია პროცედურები, რომლებიც დაკავშირებულია პარლამენტის მონაწილეობასთან სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაში, დარეგულირებულია საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირების, დენონსირების და გაუქმების პროცედურები. რეგლამენტის პროექტი აგრეთვე მოიცავს ნორმებს, რომლებიც უკავშირდება საპარლამენტო ზედამხედველობას, კონტროლსა და ანგარიშვალდებულებას.
რიგგრაშე სხდომაზე, ასევე მეორე მოსმენით განიხილეს და მიიღეს ახალი რეგლამენტის პროექტის თანმდევი 32 კანონპროექტი.
რიგგრაშე სხდომამ, ასევე კენჭი უყარა დღის განმავლობაში განხილულ სხვა საკითხებს და მხარი დაუჭირა.
მორიგი რიგგარეშე სხდომა გაიმართება დღეს, 6 დეკემბერს 12:00 საათზე.