აზერბაიჯანი. 2016 წელი.
ფოტოგრაფ რაფალ მილახის გამოფენა “უარყოფა“ წარმოადგენს საბჭოთა კავშირის არქიტექტურის, ობიექტებისა და სოციალური სტრუქტურების შესწავლას. რაფალ მილახი ფოტოგრაფი და რამდენიმე წიგნის ავტორია. ის 1978 წელს პოლონეთში დაიბადა. მისი ნამუშევრები ფოკუსირებულია ყოფილ აღმოსავლეთ ბლოკში მომხდარ გარდაქმნებზე. გამოფენა „უარყოფა“ პოლონეთში, ხელოვნების ეროვნულ გალერეაში მიმდინარეობს, რომლის ნახვაც დამთვალიერებლებს 10 თებერვლამდე შეეძლებათ.
„უარყოფა“
1971 წელს, საბჭოთა ტელევიზიამ ეთერში გაუშვა სამეცნიერო პროგრამა, რომელიც ადამიანის ცნობიერებაზე მანიპულირების ეფექტურად განხორციელების მექანიზმებს წარმოადგენდა. სტუდიაში მიწვეულმა ახალგაზრდებმა ექსპერიმენტების მთელი სერია გამოსცადეს, რომლის მიზანი იყო აუდიტორიისთვის ეჩვენებინათ თუ როგორ ზეგავლენს ახდენს კონფორმიზმი, შეთავაზებისა და ზეწოლის ძალა რეალობის აღქმაზე.
თანამედროვე ავტოკრატიებმა (პოსტსაბჭოთა სივრცეში) ამ წარმატებულ პროგრამასთან ერთად აითვისეს ტექნიკა საზოგადოებრივი ცნობიერების კოლექტიური მართვისთვის.
„უარყოფა“ აერთიანებს სხვადასხვა მასალასა და ვიზუალურ ფენებს, რომლებიც საბოლოოდ ამ სისტემის კონტროლს წარმოადგენს. სხვა საკითხებთან ერთად, გამოფენა აერთიანებს სამთავრობო ცენტრებსა და ჭადრაკის სკოლებში აღმოჩენილი ხელნაკეთი ნივთების ფოტოსურათებს, რომლებიც ოპტიკურ ილუზიას ქმნიან და იმის მაგალითები არიან, თუ როგორ შეიძლება ადამიანის გონებაზე გავლენის მოხდენა და კონტროლი. ამასთან ერთად, საბჭოთა სატელევიზიო გადაცემები სოციალური ექსპერიმენტების შესახებ, ან სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სხვადასხვა შეჯიბრებები ასახავს ფორმირების პროცესსა და ცვლილების მნიშვნელობას მთავრობის კონკრეტული ხედვის შესასრულებლად.
ინტენსივობა, მასშტაბები და მეთოდები განსხვავდება რეგიონის მიხედვით, მაგრამ ისინი ემსახურებიან კონკრეტულ, უტოპიურ ხედვას, რომელიც მთავრობის მიერ არის თავსმუხვეული.
რაფალ მილახი აქცენტს აკეთებს სახელმწიფო კონტროლის, რწმენისა და ცნობიერების იდეოლოგიური მანიპულაციების გამოყენებასთან დაკავშირებულ სოციოტექნიკურ სისტემებზე. პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე ფოკუსირებით, როგორიცაა ბელარუსი, საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და პოლონეთი, მილახი მიჰყვება პროპაგანდის მექანიზმებსა და მათ ვიზუალურ გამოსახულებებს არქიტექტურაში, ურბანულ პროექტებსა და ობიექტებში.
საქართველო
როგორც მილახი წერს, საქართველოში მისი ყურადღება მიმართული იყო ექსტრავაგანტულ, მაგრამ წარუმატებელ მოდერნიზაციის პროექტებზე, რომელიც წამოიწყო ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. ფოტოები ასახავს არარეალიზებული ინვესტიციების ვიზუალიზაციებს.
ლაზიკა. 2013 წელი. ბავშვების ბანაკის ფერადი კედელი. ლაზიკა აფხაზეთთან ახლოს მდებარეობს. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ლაზიკა უნდა ყოფილიყო თანამედროვე საპორტო-საკურორტო ქალაქი. პროექტის მიტოვებამდე, მისი სამი ნაწილი აშენდა მხოლოდ: ქალაქის შესასვლელი, გზა და ბავშვთა და მოზარდთა დასასვენებელი კურორტი. მიხეილ სააკაშვილი არჩევნების წაგების შემდეგ ქვეყნიდან გაიქცა.
ჟურნალ SZUM-თან ინტერვიუში, მილახი ამბობს, რომ დასავლური სამყაროს მხარდაჭერილი რეფორმების ფონზე, პოლიტპატიმართა რაოდენობით საქართველო მოწინავე ქვეყანა იყო პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან.
ანაკლია, 2013 წელი. ფასადური მოდერნიზაცია ფარავდა პოლიტპატიმართა ყველაზე მაღალ მაჩვენებელს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ფოტოების სერია მიჰყვება მიტოვებულ ოცნებას კაცისას, რომელსაც ქვეყანაში თითქმის შეუზღუდავი ძალაუფლება ჰქონდა.
ბათუმი. 2013 წელი. ანბანის კოშკის ერთ-ერთი ინტერიერი. 2013 წელს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს (რომელიც მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილს) აქ სატელევიზიო სტუდია ჰქონდა. „რუსთავი 2“-ის ოფისი ღამით მიატოვეს. მისი ფერადი ოთახები გიგანტური ჩიტების მახედ გადაიქცა. შიგნით ათეულობით ჩიტი შეფრინდა. ხოლო მას შემდეგ, რაც ისინი „ხაფანგში“ აღმოჩნდნენ, ჩიტები სიცხისა და შიმშილის კომბინაციით დაიხოცნენ.
ბათუმი. 2013 წელი. პოლიციელები ანბანის კოშკის შესასვლელს იცავენ.
მასალა მომზადებულია magnumphotos.com-ის, rafalmilach.com-ის, thephotographersgallery.org.uk- ის და culture.pl- ის მიხედვით.
ნინი მაზიაშვილი