ჰაინრიჰ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით, ანალიტიკურმა ცენტრმა “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG) ჩაატარა კვლევა „ენერგეტიკული სიღარიბე და მოწყვლადი მომხმარებლები საქართველოში”. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ენერგეტიკული სიღარიბე საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემაა.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2017 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 22%-ს შემოსავალი 270 ლარზე ნაკლები აქვს, ხოლო 8%-ს 108 ლარზე ნაკლები. მოსახლეობის თითქმის 40% კომუნალური გადასახდელების გადასახდელად ფულს სესხულობს (8% – ყოველთვიურად, 6% – ყოველი მეორე თვე, 24% – ნაკლებად ხშირად).
კვლევის მიხედვით :
- ზამთარში მოსახლეობა საცხოვრებელი ფართის მცირე ნაწილს ათბობს. გათბობისთვის ოჯახების ნახევარი შეშას იყენებს, რომლის წვაც არაეფექტურ ღუმელებში ჯანმრთელობის დამაზიანებელი მეთოდებით ხდება.
- არსებული სუბსიდირების სქემების და დაზოგვის მეთოდების მიუხედავად, მაღალია ენერგეტიკული დანახარჯების წილი მთლიან შემოსავლებში. გადახდის ტვირთი განსაკუთრებით მძიმეა ზამთრის თვეებში.
- მოსახლეობის 99%-ისთვის ელექტროენერგია ხელმისაწვდომია, 68%-ისთვის კი- გაზი, თუმცა რეგიონებში პრობლემას წარმოადგენს ძაბვის ცვალებადობით გამოწვეული ზარალი და გაუმართავი ინფრასტრუქტურა (ელექტროსადენები და ბოძები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანების უსაფრთხოებას).
ენერგეტიკული სიღარიბის არსებობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაბალი ენერგოეფექტიანობის მქონე შენობები, რომლებიც ენერგიის ფლანგვას და კომფორტის დაბალ დონეს განაპირობებს. - არსებული ფულადი დახმარების სქემები გარკვეული ხარვეზების მატარებელია და არ არის გამიზნული გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგეტიკული სიღარიბის შემცირებისაკენ.
კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ მოსახლეობა სესხს არა მხოლოდ კომუნალური გადასახადების გადასახდელად, არამედ საკვების საყიდლადაც იღებს და მათი რიცხვი 50%-ია.
“აღსანიშნავია, რომ ფულის სესხება არ ეხება მხოლოდ კომუნალურ გადასახდელებს. მაგალითად, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო იზრდება საკვებთან მიმართებით, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 50%- ს უწევს თანხის სესხება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ პრობლემას არ წარმოადგენს მხოლოდ ენერგეტიკული გადასახდელები და ზოგადად, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის შემოსავლები და ხარჯები ერთმანეთს არ შეესაბამება, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ენერგეტიკული სიღარიბე მხოლოდ ფულად მაჩვენებლებში არ გამოიხატება, რადგან მასზე გავლენა აქვს სუფთა ენერგიაზე ხელმისაწვდომობას, შენობების ენერგოეფექტურობას და ა.შ”, – წერია WEG-ის კვლევაში.
ენერგეტიკული სიღარიბე ეწოდება მდგომარეობას, როდესაც ადამიანებს, ან ოჯახებს არა აქვთ შესაძლებლობა, სათანადო გაათბონ სახლი ან მიიღონ სხვა საჭირო ენერგეტიკული მომსახურება ხელმისაწვდომ ფასად. ენერგეტიკული სიღარიბე ვლინდება როგორც ენერგიაზე ტექნიკური ხელმისაწვდომობის, ასევე – მოხმარების ფინანსური შესაძლებლობის არარსებობაში.
ენერგეტიკულ სიღარიბეზე სამი ძირითადი კომპონენტი მოქმედებს:
დაბალი შემოსავლები
მაღალი ენერგეტიკული ტარიფები
შენობების დაბალი ენერგოეფექტურობა
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოსთვის ენერგეტიკული სიღარიბე შედარებით ახალი ცნებაა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკა ან კვლევები დამკვიდრებული არ არის. მათივე ცნობით, აღნიშნული ანგარიშის მიზანია, შექმნას პირველადი ჩარჩო და რეკომენდაციები ამ საკითხის შემდგომი კვლევისა და პოლიტიკის შემუშავებისათვის.
ნინი მაზიაშვილი