თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს “ევროპული საქართველო” მხარს არ დაუჭერს. როგორც საკრებულოს უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა აღნიშნა, “ქართული ოცნება” ზრუნავს ბიუროკრატიაზე და სოციალური ხარჯები შემცირებულია.
“2019 წლის ბიუჯეტს, რა თქმა უნდა, არ დავუჭერთ მხარს, რადგან მერია აგრძელებს იმას, რასაც აკეთებდა. ეს არის ზრუნვა საკუთარ ბიუროკრატიაზე, ზრუნვა ჩინოვნიკებზე. ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური ხარჯები არის შემცირებული. რაც შეეხება წლევანდელ სახელმწიფო ბიუჯეტს, ჩვენ ვხედავთ, 1 144 000 000 ლარი დარჩა დაუხარჯავი, 1 144 000 000-ის საქმე არ გაკეთდა. თუ ამ ქვეყნის მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო ოდნავ გონიერად და ოდნავ კომპეტენტურად წარმართავდა საქმეს, ამ ფულით შეიძლებოდა უამრავი ძალიან მძიმე სოციალური პრობლემის გადაჭრა, მათ შორს თბილისში. ბოლო სამ დღეში ფულის გასროლა ვითომ და დაკონტრაქტება რაღაცის საყიდლად კი, თბილისში საყიდელია ავტობუსები, მაგრამ თბილისში ავტობუსები საყიდელია დაგეგმილად, არა ისე, რომ მორჩენილი ფულით, რომელიც ამხელა ქვეყანაში ვერ დაიხარჯა. ამ ფულის მიმართვა შეიძლებოდა თბილისში სოციალური დახმარებისთვის, ამ ფულის გაწევა შეიძლებოდა შშმ პირებზე, უფასო სასადილოებზე, განათლებაზე, ავარიულ სახლებზე”, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.