როცა საქმე ბიზნესს, პროდუქტს, წარმოებას ეხება, ასეა თუ ისე, ჩვენს ყურადღებას, უპირველესად, დასახელება იქცევს. ეს ის, ერთი შეხედვით, მარტივი პროცედურაა, რომელიც დროის მნიშვნელოვან ნაწილს მოითხოვს. სწორად შერჩეული სახელწოდება მომხმარებლისთვის მიმზიდველია. გამართლებული ბიზნესის ერთ-ერთი საწყისი ფაზა კრეატიული დასათაურებაა.
არც ისე დიდი ხანია, რაც Christopher Robin-ი ბიზნესისა, თუ წარმოების ავტორების ნაცვლად იღებს საკუთარ თავზე სერვისების სახელების მოფიქრებას. „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს Christopher Robin-ის კრეატიული დირექტორი, თანადამფუძნებელი – შოთა ჯინჭარაძე პასუხობს:
საიდან გაჩნდა ამ ბიზნესის იდეა?
ბიზნესის იდეა, მისი პირველადი სახით, თავისუფალ უნივერსიტეტში, ერთ-ერთი მარკეტინგის ლექციის მსვლელობის დროს გაჩნდა. მოწვეული სტუმარი გვყავდა თეგეტადან, რომელმაც მოგვცა ბრიფი სტუდენტებს ერთ-ერთი სერვისის სახელის მოსაფიქრებლად. საბოლოოდ, ჩემი და ჩემი მეგობრის (რომელიც დღეს ქრისტოფერის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია) იდეამ ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა და სიმბოლური პრიზებიც გადმოგვეცა. ალბათ, ეს პირველი „ტრიუმფი“ იყო – ის ემოცია და საჭირო მუხტი, რომელმაც მოგვცა სითამამე და გაგვიძლიერა სურვილი, დაგვეარსებინა ნეიმინგ სააგენტო, რომელიც კონცენტრირდებოდა პროდუქტებისა, თუ – კომპანიების სახელწოდებაზე.
რას ითვალისწინებს თქვენი საქმიანობა?
ქრისტოფერს შეუძლია, მოგიფიქროთ უნიკალური სახელი, შექმნას შესაბამისი ვიზუალური გამოხატულება-ლოგო და გირჩიოთ მისი გამოყენების გზები ბრენდბუქისა და სახელმძღვანელოს მეშვეობით. ხშირად დამკვეთს ისე მოსწონს ქრისტოფერის შექმნილი სახელი და მისი კონცეფცია, რომ გვთხოვს, სოციალური მედიის მართვაც კი ვაწარმოოთ. თუმცა, ეს არ არის ჩვენი ძირითადი ბიზნესი.
რის მიხედვით არქმევთ ბიზნესს სახელს?
ძირითადად, აქცენტს ვაკეთებთ მის უპირატესობაზე – რა არის ის მახასიათებელი, რომელიც მას გამოარჩევს. ამის შემდეგ კი ვცდილობთ, ეს მახასიათებელი განსხვავებულად, სხარტად და გამორჩეულად გარდავსახოთ სახელში, რომელსაც მომხმარებლამდე მივიტანთ.
როგორია ერთი პროდუქტის ნეიმინგის პროცესი?
მომხმარებელი ავსებს ონლაინბრიფს ჩვენს პლატფორმაზე, ან გვიკავშირდება პირადად. ამის შემდეგ, დგება პირველი შეხვედრა სადაც გავდივართ დეტალებს და ვცდილობთ, მაქსიმალურ სიღრმეებში ჩავიდეთ და უკეთ გავიგოთ პროდუქტისა, თუ – კომპანიის მახასიათებლები. როცა დავრწმუნდებით, რომ ვიცით საკმარისი, რათა შევუდგეთ კრეატიულ პროცესს, დავალება ეგზავნება კრეატიულ გუნდს იდეების დასაგენერირებლად. უამრავი სახელიდან, რომელიც პირველადი ფიქრის პროცესში მოდის, დამკვეთს განსახილველად ეგზავნება ხუთი რჩეული. კლიენტს შეუძლია, მოიწონოს ერთ-ერთი მათგანი და საბოლოო არჩევანი შეარჩიოს მასზე, ან მოგვეს გარკვეული მიმართულება კომენტარების საშუალებით და მიიღოს დამატებით კიდევ ხუთი სახელი.
ბევრია ჩვენს ქვეყანაში ამ პროფილით დაკავებული ბიზნესი?
პირდაპირი კონკურენტი – სააგენტო, რომელიც კონცენტრირდება მხოლოდ ნეიმინგზე, არ გვყავს. თუმცა, ბევრია ირიბი მათგანი, რომლებიც თავიანთ დიდი პორტფილიოში ნეიმინგის კუთხითაც არის დაკავებული.
ბევრმა იცის თქვენ შესახებ?
ვიტყოდი, რომ კი, თუმცა – არა საკმარისად.
გაამართლა თქვენმა ბიზნესმა?
ქრისტოფერმა შექმნა რამდენიმე ისეთი სახელი, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაში შემოდის – იქნება ეს ბაკურიანი „ციდა“, „დრედი“, „ალბუსი“, “Old School”, თუ – „უმალი“, ან – სხვა. ჩემი სუბიექტური აზრით, ამ ჩამონათვალში მხოლოდ ერთი მათგანიც რომ ყოფილიყო, რობინის არსებობა უკვე გამართლებული იქნებოდა.
ყველას შეუძლია თქვენი მომსახურებით სარგებლობა?
განურჩევლად ყველას შეუძლია.
რატომაა ეს საქმიანობა საინტერესო?
არსებობს უამრავი გამოწვევა, რაც გამოიხატება კლიენტების სხვადასხვა ღირებულებებსა და გემოვნებაში. ამასთანავე, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენთვის ეს საქმიანობა არა მხოლოდ საინტერესოა, არამედ – სასიამოვნოც.
მარიამ ტიელიძე