იაპონიის ქალაქ კიოტოში 13-16 დეკემბერს ეტლით მოსარგებლეთა შორის ხმლით ფარიკაობის მსოფლიო თასი გაიმართა, სადაც ირმა ხეცურიანმა ოქროს მედალი მოიპოვა. ეს მის კარიერაში მე-13 ოქროს მედალია. ირმა ორი სახის იარაღით ფარიკაობს – რაპირა და ხმალი.
როგორი იყო პირველი ნაბიჯები პარასპორტში, როგორ ჩაიარა პირველობამ, რამდენად რთული იყო გამარჯვება, რა გეგმები აქვს და რას ჰპირდება გულშემატკივარს? – ამ და სხვა თემების შესახებ ირმა ხეცურიანი „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა.
– მოგვიყევით თქვენ შესახებ… ბავშვობა.. ოჯახი…
– ბავშვობა არცთუ ისე უდარდელი მქონდა. ვცხოვრობდი აფხაზეთში, მშვიდ, სიყვარულით სავსე გარემოში. შემდეგ იყო რუსეთ- საქართველოს ომი და ყველაფერი წამში შეიცვალა… ამ დროს 6 წლის ვიყავი. დავკარგეთ სახლი, მიწა, მხარე, ახლობლები, ნაცნობები და გადმოვედით სრულიად უცხო, ჩვენთვის ზედმეტად რთულ პირობებში, საქართველოს დასავლეთ მხარეში, ულამაზეს კურორტ წყალტუბოში, სადაც ბავშვობის ძირითადი წლები გავატარე. მიუხედავად მძიმე ყოფისა, მაინც ტკბილად მახსენდება ჩემი სკოლა, მე-4 საშუალო, კლასელები, მასწავლებლები… მერე იყო უნივერსიტეტი. აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე , ფაკულტეტი – ინფორმატიკა. მაგრამ, სამწუხაროდ, ერთი წლის თავზე მძიმე დიაგნოზის (კერძოდ, ზურგის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე, სწრაფად მზარდი) დასმის შემდეგ, სასწრაფო ოპერაციის გაკეთება მომიწია. ამ ყველაფრის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.
– როგორი იყო პირველი ნაბიჯები პარასპორტში? როგორ გაჩნდა სპორტის ეს სახეობა თქვენს ცხოვრებაში?
– 2013 წელს ვმუშაობდი საქართველოს პარაოლიმპიურ კომიტეტში ოფის-მენეჯერად. ერთი წელი ვიყავი ამ არაჩვეულებრივ კოლექტივში. მეგობრები მეხმარებოდნენ ახალი პროფესიის ათვისებაში. უამრავ სპორტის სახეობასთან მქონდა შეხება – ინფორმაცია იყო ჩემი პროირიტეტი. მაგრამ, თვითონ მეცადა თავი რომელიმე სპორტის სახეობაში, ეს იდეაშიც არ მქონია. ერთმა ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა შემომთავაზა წინადადება: არსებობს გარკვეული ადამიანები, ვისაც სურვილი აქვთ განავითარონ პარაფარიკაობა საქართველოში, ხალხი სჭირდებათ და იქნებ სცადოო. თავიდან ეს შემოთავაზება არასერიოზულად მომეჩვენა, მაგრამ მალევე დავთანხმდი. ასე დაიწყო ჩემი მოღვაწეობა სპორტის ამ სახეობაში. თავიდან ნულიდან დავიწყეთ: არ გვქონდა საფარიკაო ინვენტარი, ვვარჯიშობდით ფარიკაობის ფედერაციის დარბაზში, მწვრთნელებიც ჩვენთან ერთად სწავლობდნენ ამ უჩვეულო მდგომარეობაში ტრენინგის ჩატარებას.
– რამდენი ხანია, რაც ფარიკაობით ხართ დაკავებული ? მოგვიყევით თქვენი პირველი წარმატების შესახებ…
– ფარიკაობა ჩემს ცხოვრებაში უკვე 5 წელზე მეტია არსებობს. პირველი წარმატება კი სულ რაღაც 5 თვეში, კანადაში იყო. მონრეალში პირველი ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე რაპირით ფარიკაობაში. ვერ აღვწერ ჩემს ემოციას- საოცრად ამაყი ვიყავი, თან ვნერვიულობდი და ამავე დროს, მიხაროდა… ყველაფერი ერთად დამემართა და მერე მივხვდი, თუ როგორ მიყვარდა ეს სპორტი და რა რთული პასუხისმგებლობა ავიღე ჩემს თავზე. თუმცა, ვფიქრობ, რომ კარგად მივდივართ და ეს შედეგებით დასტურდება.
– კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიპოვეთ. ამჟამად, იაპონიაში გამართულ მსოფლიო თასზე. თქვენს კარიერაში ეს მე-13 ოქროს მედალია. როგორ ჩაიარა პირველობამ, რამდენად რთული იყო გამარჯვება?
– გამარჯვება ყოველთვის რთულია, თუმცა არ არის შეუძლებელი. თუ ყველაფერს ისე გააკეთებ, როგორც ისწავლე, აუცილებლად მიხვალ საუკეთესო შედეგამდე. კიოტოს თასსაც ახლდა თავისი სირთულეები, მაგრამ მოვახერხეთ და გადავაბიჯეთ ყველა ხელისშემშლელ ფაქტორს. ამან განაპირობა მე-13 ოქროს მედალი მსოფლიო თასზე. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც შენი ფარიკაობის ხარისხს დადებითად აფასებენ, ტკბებიან ჩვენი სანახაობრივი ფარიკაობით და ჩემი დიდი მაესტროს წვლილს აღიარებენ ამ ყველაფერში. ამაღელვებელია ის მომენტი, როდესაც შენი პატარა ქვეყნის ჰიმნი ჟღერს და მსოფლიო ფეხზე დგას.
– თბილისური მსოფლიო თასი რომ გაიხსენოთ… რამდენად მნიშვნელოვანი იყო მსოფლიო თასზე ასპარეზობა და გამარჯვება საკუთარ ქვეყანაში? მსოფლიო თასის არაერთგზის გამარჯვებული ხართ… რით იყო თბილისის ტურნირი გამორჩეული?
– პირველ რიგში, უღმესი მადლობა მინდა ვუთხრა საორგანიზაციო გუნდს, რომელმაც ასეთი მასშტაბური შეჯიბრი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. საქართველოს ტურნირი იყო პირველი ეტაპი ტოკიოს პარაოლიმპიადისთვის. ის მესიჯები, რომლებიც საზოგადოებასთან სწორად უნდა მივიდეს, სწორედ ასეთი შეჯიბრის საშუალებით აღწევს. გარდა თეორიული ცოდნისა, რეალურად ჰქონდათ საშუალება ენახათ 40 ქვეყნის 500 დელეგატი. კარგი ჟესტი იყო ასევე ისიც, თუ რატომ უნდა გვქონდეს ჩვენ, შშმ პირებს დამოუკიდებლად არსებობის უფლება, რაც, ვფიქრობ, მათთვის დღეს პრიორიტეტია.
რთული იყო რომელია… ურთულესია საკუთარი გულშემატკივრის, მეგობრების, ოჯახის წევრების წინაშე იასპარეზო ისე, რომ გონება არ გაგეფანტოს. პირველად ჩატარდა ასეთი დონის ტურნირი ჩვენს ქვეყანაში. საკუთარ კედლებში ნამდვილად გაგვიჭირდა, მაგრამ ვიბრძოლეთ და შედეგმაც არ დააყოვნა.
– როგორ არის განვითარებული სპორტის ეს სახეობა საქართველოში, არსებობს თუ არა საკმარისი ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან, მოფარიკავეთათვის როგორი პირობებია შექმნილი?
– სპორტის ეს სახეობა საკმაოდ კარგად არის განვითარებული საქართველოში. ფინანსური მხარდაჭერა სულ გვქონდა თბილისის მერიის და სპორტის სამინისტროს მხრიდან. ვერ ვიტყვი, რომ რამე გვაკლია. ყველა პირობა გვაქვს იმისათვის, რომ მოვემზადოთ. არსებობს ასეთი ცენტრი- თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი, რომელიც ქალაქის მერიის დაქვემდებარებაშია და სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის.
რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა რეაბილიტაცია და შეკრებები უფრო ხშირი იყოს.
– ვინ არიან თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივრები?
– ჩემი მეუღლე, ოჯახი, მეგობრები და საქართველო. ერისგან ძალიან დიდ სითბოს და პოზიტივს ვგრძნობ.
– მაინტერესებს ვისგან იღებთ ყველაზე ხშირად რჩევებს პროფესიულ საქმიანობაში და გახსენდებათ თუ არა ფრაზა, ან რჩევა, რომელიც თქვენს მოტივაციას ზრდის?
– ყველაზე დიდი მრჩეველი ჩემი დიდი მაესტროები მალხაზ მესხი და მერაბ ბაზაძეა. ყველაზე კარგი მოტივატორები კი – ჩემი გუნდის გოგონები. „რერო რერო საქართველო“- ეს არის ჩვენი წინასაბრძოლო განწყობა. ამ სიტყვებით შევდივართ საფარიკაოდ და გვყოფნის სტიმულისთვის.
ნინი მაზიაშვილი