პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართულ, ქართველი მეცნიერის, ექიმის, პატრიოტის, ქველმოქმედის, საქართველოს რადიოლოგიური სკოლის ამღორძინებელის, საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის დამფუძნებლისა და მისი პრეზიდენტის, მე-7 მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერის, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას დაბადებიდან 75 წლის იუბილეს დაესწრო.
შეკრებილმა სტუმრებმა პროფესორის ღვაწლზე ისაუბრეს. „ბატონმა ფრიდონმა ქართული მედიცინის გამორჩეულ მოღვაწეებთან ერთად შექმნა ახალი ეპოქა საქართველოს განსაკუთრებით სადიაგნოსტიკო შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. მე მქონდა პატივი, პირადად მქონოდა პროფესიული ურთიერთობა ბატონ ფრიდონთან. მან შექმნა სამეცნიერო კლინიკური სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და სწორედ პირველი კომპიუტერული ტომოგრაფიის შესაძლებლობების დანერგვა საქართველოში ბატონი ფრიდონის ხედვას და მის ნაბიჯებს უკავშირდება.
არა მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროში მოღვაწეობის პერიოდში არამედ უკვე საქართველოს სოლიდარობის ფონდში მოღვაწეობის პერიოდში მქონდა შესაძლებლობა ჩვენ ერთად გვემუშავა და არაერთი ბავშვის დიაგნოსტიკის და მკურნალობის გზაზე ბატონმა ფრიდონმა უშუალოდ პირადი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. უაღრესად დიდი პატივისცემა მინდა დავუდასტურო მის ხსოვნას, ბატონი ფრიდონი იყო გამორჩეული პროფესიონალი და მიხარია, რომ სამედიცინო კლინიკური ცენტრი აგრძელებს მუშაობას და კიდევ უფრო ვითარდება. მისი ხსოვნის ყველაზე დიდი პატივისცემა იქნება ფრიდონ თოდუას სახელობის სამეცნიერო ცენტრის შემდგომი განვიათარება და გაზრდა“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
ღონისძიებას აკადემიკოსები, ექიმები, ხელისუფლების წარმომადგენლები და ფრიდონ თოდუას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.