პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა.
შეხვედრა გივი მიქანაძის ინიციატივით გაიმართა, სადაც განხილული იყო საქართველოსა და ლატვიის პარლამენტის აპარატებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.
„ქალბატონ ინგრიდა ლევრენცეს მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩემს ლატვიელ კოლეგასთან პირველი საქმიანი კომუნიკაცია, ჯერ კიდევ გასული წლის მარტში, საპარლამენტთაშორისო კავშირის ჟენევის შეხვედრის ფარგლებში მქონდა. მომავალ კვირაში, ბალტიის სამივე ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტის ფორმატში, პირველად შედგება ჩემი საქმიანი ვიზიტი ლატვიის პარლამენტში, სადაც უფრო სიღრმისეულად მიმოვიხილავთ იმ მიმართულებებს და შესაძლებლობებს, რომლის ფარგლებშიც ვგეგმავთ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ შეხვედრის კომენტირებისას.
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა ლატვიელ დიპლომატს გააცნო მისი ინიციატივა „3+1“ ფორმატის შექმნის თაობაზე, რაც გულისხმობს საქართველოს პარლამენტის აპარატის ბალტიის სამი ქვეყნის პარლამენტების აპარატებთან თანამშრომლობას.
„ახალი ფორმატის ფარგლებში, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს ჩავატარებთ პარლამენტების აპარატების უფროსების შეხვედრას და განვიხილავთ მრავალმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განვითარების და განხორციელების შესაძლებლობას. ეს ყველაფერი მიმართულია ჩვენი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების გაძლიერებაზე და მათ კიდევ უფრო დაახლოებაზე“, -განაცხადა გივი მიქანაძემ.
პარლამენტის აპარატის უფროსმა ინგრიდა ლევრენცეს კიდევ ერთი ინიციატივა გააცნო, რომელიც გულისხმობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქსელის წევრი პარლამენტების აპარატების უფროსებისა და ბალტიის სამი ქვეყნის პარლამენტების აპარატების ხელმძღვანელების საქმიან შეხვედრას რეგიონალურ დონეზე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების კონტექსტში.
გივი მიქანაძემ სტუმარს გააცნო საკანონმდებლო ორგანოს გაძლიერების კუთხით საქართველოს პარლამენტში მიმდინარე რეფორმები და, ასევე, მიაწოდა ინფორმაცია ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის გამოცდილების თაობაზე.
„ჩვენ გამოვთქვით მზაობა, რომ ბალტიელ კოლეგებს გავუზიაროთ ის მიღწევები, რომელიც ამ მიმართულებით უკვე გვაქვს. არსებობს რეალური საფუძვლები ამ ურთიერთობების ინტენსიურად გაღრმავების და სწორედ მომავალ კვირაში დაგეგმილი ვიზიტი იქნება ამ ურთიერთობების სამომავლო განვითარების საწინდარი“, – აღნიშნა პარლამენტის აპარატის უფროსმა.
ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მადლობა გადაუხადა გივი მიქანაძეს პარლამენტში მოწვევისთვის, დაგეგმილი ვიზიტისა და ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებისთვის და ყოველმხრივი მხარდაჭერა აღუთქვა მას აღნიშნული ინიციატივების განხორციელებაში.
„ქალბატონ ინგრიდა ლევრენცეს ჩვენი მხრიდან ვაცნობეთ, რომ მას, ისევე როგორც ბალტიის დანარჩენი ორი ქვეყნის ელჩებს საქართველოში, რეგულარულად მივაწვდით ინფორმაციას იმ თითოეული ნაბიჯისა და პროგრესის შესახებ, რაც „3+1“ ან ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში განხორციელდება. ელჩის მხრიდან ეს ინიციატივა მხარდაჭერილი და მოწონებული იქნა, რისთვისაც მადლობა გადაგვიხადა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა“, – აღნიშნა პარლამენტის აპარატის უფროსმა.