მსოფლიოს მე-20 ჩოგანმა, ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებით გაიარა ავსტრალიის ღია პირველობის პირველი წრე. მან ოთხ სეტში დაამარცხა რეიტინგის 171-ე ნომერი, ამერიკელი კრისტოფერ იუბენქსი – 6:4, 4:6, 7:6(6), 6:3.
პირველ სეტში იუბენქსს სერიოზული პრობლემები ჰქონდა პირველი მოწოდების სიზუსტესთან (55) და მეორე მოწოდებაზე ქულების აღების მხრივ (46). ბასილაშვილს, ამ მხრივ, ყველაფერი წესრიგში ჰქონდა – პირველ მოწოდებაზე ქულების 75 პროცენტი (15/20) აიღო, მეორე მოწოდებით – 78 პროცენტი (7/9).
მიუხედავად ბასილაშვილის ასეთი უპირატესობისა, მეტოქეებს თანაბარ რაოდენობის ბრეიკ-პოინტები ჰქონდათ – თითო-თითო. ქართველმა თავისი შანსი მეხუთე გეიმში გამოიყენა, იუბენქსმა კი ეს ვერ შეძლო მეექვსეში.
სამი სეტის შემდეგ, ბასილაშვილი ბევრ სტატისტიკურ კომპონენტში აგებდა იუბენქსთან: ეისები – 5:19, ორმაგი შეცდომები – 8:6, ბრეიკ-პოინტები – 7:14, პირველი მოწოდების სიზუსტე – 60%-61%, პირველი მოწოდებაზე მოგებული ქულები – 70%-79%, “ვინერსები” – 30:42.
საბოლოო დარტყმა მეტოქეს მან პარტიის შუაში მიაყენა, როცა 1:2-დან ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და შემდეგ მატჩზე ჩააწოდა. მატჩი ორი საათი და 45 წუთი გაგრძელდა.
უკვე ცნობილია ბასილაშვილის მეტოქე მეორე წრეში. ეს იქნება იტალიელი სტეფანო ტრავალია, რომელმაც ოთხ სეტში მოუგო არგენტინელ გვიდო ანდრეოცის – 6:7, 6:2, 6:3, 6:2.