პარლამენტში რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (EჩღI) მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კრისტიან ურსემ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა და ნინო ლომჯარიამ, სახალხო დამცველმა მიმართეს.
თამარ ჩუგოშვილმა ქვეყანაში თანასწორობის დამკვიდრების კუთხით ახალი კონსტიტუციის მე-11 მუხლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ჩანაწერით კონსტიტუციური გარანტიები კიდევ უფრო გაუმჯობესდა და გაძლიერდა.
„ბოლო პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა და ამ კუთხით აღსანიშნავია შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა, სადაც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლაში ახალი კომპონენტი შემოვიდა და რომელმაც სამართალდამცავი ორგანოების ეფექტურობა კიდევ უფრო გაზარდა. ასევე მინდა ავღნიშნო სექსუალური შევიწროვების თემაზე მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში მალე დაინიცირდება, რაც პირდაპირ პასუხობს ერთ-ერთ რეკომენდაციას, რომელიც დისკრიმინაციის საკითხებში საფუძვლების განსაზღვრას შეეხება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სახალხო დამცველის მანდატის გაძლიერებას მიზნით, EჩღI-ის მიერ გამოთქმულ კიდევ ერთ რეკომენდაციას – დისკრიმინაციული საქმეების მოკვლევის დროს კერძო სექტორიდან ინფორმაციის გამოთხოვის საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებითაც უახლოეს პერიოდში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება.
„ბევრი რამ რაზეც ევროპული კომისიის დამოუკიდებელი ორგანოს რეკომენდაციებშია საუბარი შესრულებულია ან შესრულების გზაზეა. პროცესი წინ მიდის და დღევანდელი დისკუსია დაგვეხმარება კიდევ უფრო სწორი მიმართულება მივცეთ ამ სამუშაო პროცესს“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
სამუშაო შეხვედრაზე განსახილველი საკითხების მნიშვნელობაზე ისაუბრა კრისტიან ურსემ. ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის შეფასებით, ძალადობის აღმოფხვრის და თანასწორობის დამკვიდრების მიზნით, გასული წლების განმავლობაში როგორც საკანონმდებლო კუთხით, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისითაც საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია. თუმცა, მისივე განცხადებით, არის გარკვეული გამოწვევები, რომლებიც დამატებით მუშაობას საჭიროებენ როგორც საკანონმდებლო ბაზის დახვეწის, ასევე სამართალდამცავი ორგანოების კუთხით.
„სახალხო დამცველის აპარატისთვის თანასწორობაზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ სახალხო დამცველი ჩვენს ქვეყანაში თანასწორობის ორგანოს წარმოადგენს“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ სამუშაო შეხვედრაზე. მისივე განცხადებით, თანასწორობის კუთხით კანონმდებლობაში ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული ხარვეზები, რომლებიც გამოსწორებას საჭიროებს და ამაზე საუბრობს EჩღI-ის რეკომენდაციებიც. მანვე სახალხო დამცველის ოფისის მიერ თანასწორობის საკითხებზე მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშებზე და მათი პარლამენტისთვის წარდგენის და კომიტეტში განხილვის პროცედურებზე ისაუბრა.
ნინო ლომჯარიამ EჩღI-ის მიერ გამოთქმულ რამდენიმე რეკომენდაციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, ქვეყნის მიმართ წარდგენილ რეკომენდაციების შესრულებაზე მნიშვნელოვანი პროგრესი და გაუმჯობესება ფიქსირდება, თუმცა რჩება რიგი საკითხები, რომლებიც კვლავ აქტუალურია. „ეს ეხება დისკრიმინაციის წამახალისებელ გამონათქვამებს და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს დაუცველი ჯგუფების მიმართ, ჰომოფობიურ ენას და გამოხატვის მშვიდობიანი ფორმის დაცვის უზრუნველყოფას, საგამოძიებო ორგანოების რეაგირება სავარაუდო სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე, რომლებიც ყოველთვის არ არის ადექვატური“, – აღნიშნა ომბუდსმენმა.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეები EჩღI-ის სამდივნოს წარმომადგენლის ზეინეპ უსალ კანცლერის და ევროპის საბჭოს ექსპერტის, ლევან მესხორაძის პრეზენტაციებს გაეცნენ და EჩღI-ის ბოლო ანგარიშის რეკომენდაციები განიხილეს. შეხვედრაზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული მდგომარეობის თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის, ირინა ფრუიძის მოხსენებები მოისმინეს.
ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (EჩღI) ევროპის საბჭომ 25 წლის წინ დააარსა. ეს არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებს და რასიზმსა და შეუწყნარებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სპეციალიზდება. იგი შედგება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი წევრებისაგან, რომლებიც ინიშნებიან მორალური ავტორიტეტისა და რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის საკითხებში გამოცდილების საფუძველზე.