2016 წელს ბუნებრივი გაზის გაჟონვის შედეგად მოიწამლა 125 ადამიანი, 29 კი გარდაიცვალა. 2017 წელს ფატალური შედეგით დასრულებული მოწამვლის ფაქტების რაოდენობამ 30-ს გადააჭარბა, ხოლო გასულ წელს თბილისში ბუნებრივი აირით მოწამვლის – 98 და გარდაცვალების 27 ფაქტი დაფიქსირდა. ასე გამოიყურება ბოლო სამი წლის სტატისტიკა, რომელსაც კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აქვეყნებს. ეს რიცხვები კარგად მეტყველებს იმ სერიოზულ პრობლემებზე, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა ენერგოუსაფრთხოების კუთხით დგას.
ექსპერტების შეფასებით, ბოლო პერიოდში თბილისი იქცა ქალაქად, რომელიც კლავს. უბედური შემთხვევების რაოდენობა, გარდაცვლილი და დაშავებული ადამიანების სტატისტიკის ზრდა, პანიკაში ჩავარდნილი მოსახლეობა და საფრთხე, რომლის წინაშეც ბუნებრივი აირის ყველა მომხმარებელი დგას.
ექსპერტების შეფასებით, ძირითად პრობლემას ბუნებრივი აირის არასწორი ინფრასტრუქტურული მოწყობა და შესაბამისი უწყებების მხრიდან გულგრილი და დაუდევარი დამოკიდებულება წარმოადგენს. ჯერ კიდევ წლების წინ აქტიურად იყო საუბარი იმაზე, რომ ბუნებრივი გაზის მილები, რომლებიც პოლიეთილენის მასალისგანაა დამზადებული, სახიფათოა და სიცოცხლისთვის საშიში. გარდა ამისა, არასწორია მათი განლაგება და ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით დიდია ბავშვების მიერ მათი დაზიანების რისკი.
ენერგოუსაფრთხოების სპეციალისტების განცხადებით, უსაფრთხოების ნორმების თანახმად, სადარბაზოებში დამონტაჟებული უნდა იყოს ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც გაჟონვის შემთხვევაში ავტომატურად გააგზავნის სიგნალს და შემთხვევის ადგილზე საავარიო ჯგუფის ოპრატიულად მისვლას უზრუნველყოფს.
უბედური შემთხვევების ზრდასთან ერთად გააქტიურდა საუბარი ასევე შესაბამისი უწყებებისა და სამსახურების არაპროფესიონალიზმსა და გულგრილ დამოკიდებულებაზე, რასაც განსაკუთრებით მძიმე შედეგებამდე მივყავართ.
ბოლო შემთხვევა, რომელსაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მოხდა. ბუნებრივი გაზის გაჟონვას კორპუსის მეექვსე სართულზე აფეთქება მოჰყვა, რაც ნგრევისა და მაცხოვრებლების დაშავების მიზეზი გახდა. გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა წინასწარი მონაცემებით იკვეთება კერძო კომპანიის ბრალეულობა, რომლის თანამშრომლებმაც არ მოახდინეს შესაბამისი რეაგირება მაცხოვრებლების გამოძახებაზე და ვერ იპოვეს გაზის მძაფრი სუნის გამომწვევი კერა.
ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც მწუხარება გამოთქვა მომხდარი ტრაგედიის გამო და მიუსამძიმრა დაღუპულების ოჯახს, ასევე გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა:
„პირველადი სავარაუდო დასკვნის თანახმად, ბუნებრივი გაზის გაჟონვა და დაგროვება საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში მოხდა, სადაც ოჯახის წევრები და მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ.
ენერგოომბუდსმენი ახსნა-განმარტებას შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისისგან” მოითხოვს. თანმიმდევრულად იქნება შესწავლილი კორპუსის ბუნებრივი გაზის ქსელზე დაერთების პროცედურები.
ენერგოომბუდსმენის ინტერესს აგრეთვე წარმოადგენს, რატომ ვერ აღმოაჩინა გაჟონვის ადგილი შემოწმებაზე მისულმა ტექნიკოსმა. სავარაუდოდ იკვეთება თანამშრომლის დაუდევრობა ან არაპროფესიონალიზმი, რომელსაც იმედია, პასუხი გაეცემა საგამოძიებო უწყების მხრიდან.
ამავდროულად, აუცილებლად მიგვაჩნია, შევეხოთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის მოწყობის რეგულურება. მიგვაჩნია, რომ ამ კუთხით, არსებული რეგულაციები სრულად ვერ პასუხობს უსაფრთხოების გამოწვევებს, ვინაიდან ის არ არის შესრულებული ლიცენზირებული კომპანიების მიერ და მომსახურე კომპანიას უწევს ჩაიბაროს ის ისეთი სახით, როგორც მშენებელმა წარმოუდგინა. ძალიან ხშირად შიდა ქსელზე დაშვებული შეცდომები ხდება საფრთხის წყარო.
ბოლო პერიოდში დატრიალებული ტრაგედიები ნათლად მიგვანიშნებს სისტემურ პრობლემებზე, რომლის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსურად.
ენერგოომბუდსმენის მიერ საჭირო დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ, შესაძლებელი გახდება საკითხის ანალიზირება.“
მანამდე კი სანამ გამოძიება მიმდინარეობს და დეტალები გაირკვევა, ქალაქში პანიკაა, მოსახლეობას კითხვები აწუხებს, საფრთხე კი ძალიან ახლოსაა.
ანა ურუშაძე