დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელიც აღწერს ბოლო ათ წელში გრიპით გარდაცვალების შემთხვევებს. სტატისტიკური მონაცემები არც ისე სახარბიელოდ გამოიყურება. როგორც ცხრილიდან ირკვევა, გასულ წელს განსაკუთრებით გააქტიურდა ისეთი სეზონური გრიპი, რომელიც H1N1 სახელწოდებითაა ცნობილი და უფრო მეტი მას ე. წ „ ღორის გრიპის „ სახელით იცნობს.
მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ღორის გრიპით გარდაცვალების 15 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც საქართველოსნაირ ქვეყანაში საკმაოდ მაღალი მაჩვენებლია. მიუხედავად ამისა დარგის ექსპერტები და შესაბამისი უწყებები მონდომებით გვამშვიდებენ და მოსახლეობაში ატეხილ პანიკას სამედიცინო განმარტებებით პასუხობენ იმასთან დაკავშირებით, რომ გრიპის გავრცელების ეპიდემიური ზღურბლი 450-500 შემთხვევაა, 100 000 მოსახლეზე.
მიუხედავად დამამშვიდებელი განცხადებებისა, ქვეყანაში მაინც პანიკაა. ამის შემჩნევა ადვილადაა შესაძლებელი ქალაქში პირბადიანი ადამიანების რიცხვის ზრდითა თუ შესაბამისი მედიკამენტების ფასისა და მაინც გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლებით.
რა კონკრეტული ნიშნების მატარებელია სეზონური ვირუსი, რომელიც უბრალოდ გრიპი არაა და ბევრად მეტ გართულებას იწვევს და როგორ შეიძლება დავიცვათ თავი ამ საკმაოდ საშიში დაავადებისგან ?
სიცხე, ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი, მწვავე თავის ტკივილი, ხველა, სისუსტე, სუნთქვის გართულება – ეს ის სიმპტომებია, რაც ვირუსს ახასიათებს და ჩვეულებრივ გრიპის ვირუსს ძალიან ჰგავს. ე.წ. ღორის გრიპი დომინანტური იყო 2010, 2011, 2013, 2017 წლებში და კვლავ აქტუალურია მიმდინარე წელს. ბოლო ინფორმაციით, 2019 წელს ე.წ. ღორის გრიპის 276 შემთხვევა დაფიქსირდა.
გრიპის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა ვაქცინაცია. გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებებს, შესაბამისად, მისი საწინააღმდეგო ვაქცინა ყოველწლიურადაა საჭირო. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გრიპის სეზონი ჩვეულებრივ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დგება, შესაბამისად, ოქტომბერი არის საუკეთესო დრო გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის.
ასევე სეზონური ვირუსების და მათ შორის, ღორის გრიპის პრევენციის ერთერთ ეფექტურ გზად ითვლება პირადი ჰიგიენის შენარჩუნება, პირბადის სწორი გამოყენება და ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალური ინფორმაციის მისაღებად დროული მიმართვა ექიმთან. უმეტეს შემთხვევებში, როდესაც ვირუსი ფატალურად დასრულდა, ადგილი ჰქონდა ექიმთან დაგვიანებულ მიმართვას და შესაბამისად დაავადების გართულებულ ფორმებში გადასვლას.
Wikipedia-ს ინფორმაციით, სახელწოდება „ღორის გრიპი“ კი 1918 წელს გავრცელებულ ვირუსს უკავშირდება, რომელიც ღორებსა და ადამიანებში ერთდროულად გავრცელდა. თავიდან, უმეტესად იმ ადამიანებს ემართებოდათ, ვისაც ღორებთან ახლო კავშირი ჰქონდათ. თუმცა, მოგვიანებით, ვირუსი იმ ადამიანებზეც გავრცელდა, ვინც ღორების სიახლოვეს არ იმყოფებოდნენ. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ღორიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემის შემთხვევა იშვიათობაა. ვირუსმა მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით, 50-100 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.
ღორის გრიპის ვირუსი მთელს მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულია, რომელსაც აპრობირებული მეთოდებით ებრძვიან ქვეყნები და ცდილობენ მოსახლეობა ეპიდემიის საფრთხისგან დაიცვან. ამისთვის თითოეულ სახელმწიფოს საკმაოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო რესურსი და მისი სწორად გამოყენება ესაჭიროება.
ვირუსული სეზონის დადგომასთან ერთად აქტუალური ხდება კითხვები ჩვენს ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროს გამართულობასთან და მის ეფექტურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. რამდენად აქვს ჩვენს ქვეყანას შესაბამისი რესურსი გაუმკლავდეს საკმაოდ რთულ ვირუსულ სეზონს და დაძლიოს ე.წ ღორის ვირუსი მოსახლეობის პანიკისა და ნაკლები ინფორმაციულობის ფონზე, ამ და სხვა კითხვებით “თბილისი თაიმსმა” რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს მიმართა. გთავაზობთ მათ შეფასებას.
„ამ ეტაპზე გრიპის ეპიდემია მკვეთრად შემცირებულია, გამომდინარე იმ სტატისტიკური მონაცემების ანალიზიდან, რომელსაც მაქსიმალურად ოპერატიულად აქვეყნებს „ლ. საყვარელიძის” სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
თუმცა სტატისტიკა მიუთითებს მეტად დაძაბულ სეზონზე რის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს თავად მოსახლეობის ნაკლები ჩართულობა დაავადების პრევენციაში, აქ ვგულისხმობ როგორც შესაბამისი ჰიგიენური ნორმების, ასევე აცრების უგულველყოფაც.
მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები როგორც სპეციფიური მედიკამენტის, ასევე სამედიცინო სერვისების ასპროცენტიანი დაფინანსების მიმართულებით არის ადეკვატური პასუხი გამოწვევაზე. რაც შეეხება გართულებას და განსაკუთრებით ფატალურ შემთხვევებს ობიექტურ, ფაქტორებთან ერთად როგორიცაა მძიმე, თანმხლები დაავადებები და სხვა ფონურ მდგომარეობები, ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფაქტორებიც მათ შორის ექიმთან დაგვიანებული ვიზიტი. ბუნებრივია არსებული გამოცდილება, საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვასთან ერთად სამომავლოდ, ხელს შეუწყობს მსგავსი დაძაბული სიტუაციების პრევენციას „- განაცხადა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ბატონმა ნუგზარ ბოლქვაძემ.
ანა ურუშაძე