ვულოცავ უკრაინის ეკლესიას დამოუკიდებლობას და მოვუწოდებ ჩვენს მთავრობას, მიულოცოს უკრაინას ავტოკეფალია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კანდელაკმა სიტყვით გამოსვლისას უკრაინასა და საქართველოში განხორციელებული რუსული აგრესიის წინააღმდეგ ისაუბრა და იმ რეზოლუციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რომელიც ევროსაბჭოში არის ინიცირებული.
„ძალიან საწყენია, როდესაც ადამიანებს, რომლებიც ვაკრიტიკებთ რუსეთს, რუსოფობიაში გვადანაშაულებთ. არა კოლეგებო, სინამდვილეში, ჩვენ რუსეთის ინტერესებს ვიცავთ ამ დარბაზში, რადგან მიგვაჩნია, რომ დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული რუსეთი, რომელიც, ასევე, პატივს სცემს მეზობელ ქვეყნებს, სრულებით შესაძლებელია. ხოლო თქვენ იცავთ კრემლს და არა რუს ხალხს. რუსი ხალხი იმსახურებს თავისუფალ არჩევნებს. ისინი იმსახურებენ უკეთეს ცხოვრებას, სადაც იცხოვრებენ კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, ექნებათ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და კანონის უზენაესობა. ასევე ვწუხვარ, როდესაც ამ დარბაზში იყენებთ ტერმინს „დეესკალაცია“, რომელიც ორივე მხარეს მოუწოდებს დეესკალაციისკენ. დეესკალაცია უკრაინის შემთხვევაში, წინააღმდეგობის გაწევის შეწყვეტას გულისხმობს, რაც შეუძლებელია. უკრაინას არ შეუძლია დათმოს საკუთარი სუვერენიტეტი. მნიშვნელოვანია, რომ აქ წარმოდგენილი რეზოლუცია აქამდე მიღებულ რეზოლუციებს ეხმიანება. ისინი მნიშვნელოვან საერთაშორისო სამართლებრივ საფუძველს ქმნიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ამ რეზოლუციების დიდი ნაწილი ცალსახად აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას“, – განაცხადა კანდელაკმა.
აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.